ახალი ამბები

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ… აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის “მეორე რახზე, სადაც პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა პირდაპირი ეთერის მეორე ნაწილში მოსახლეობას მიმართეს…
[21:11 03-11-2010]
ჟურნალისტები ილია ჩაჩიბაია და სოსო ხოფერია, ტომას ფლეჩერის საცხოვრებელი სახლიდან, ოჯახის დიასახლისმა და რამოდენიმე უცნობმა პირმა გამოაძევა.
გთავაზობთ ტელეკომპანია “მაესტროს”
ეთერში გასულ “სპეციალურ რეპორტაჟს”.

ფოტოები მოპოვებულია საპრეზიდენტო პროექტ ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”–ის მონაწილე ტომას ფლეჩერის facebooc-დან. აღნიშნული კადრები ხელმისაწვდომია მასწავლებელ თომასის არასრულწოლოვანი მოსწავლეებისთვის!

მომავალი თაობის გამანქურთების შაშკინისეული გეგმა

გამოტეხილად რომ ითქვას, შაშკინი აქ არაფერ შუაშია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წონა საქართველოს სახელისუფლებო ელიტაში ღიმილის მომგვრელია. მის სიტყვასა და გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის სუნი ასდის. ეს ის შემთხვევაა, როცა თანამდებობაზე პირადობის მოწმობას ათავსებენ სტრუქტურული ერთეულის შევსების მიზნით. მომავალი თაობის შეგნებული განადგურების სათავეები კი სხვაგან უნდა დაიძებნოს. თუნდაც, ავლაბრის რეზიდენციაში, თუმცა არც ეს უნდა იყოს ბოლო ინსტანცია.
[სოსო ბაღაშვილი. 14:04 05-11-2010]
უფრო საფიქრებელია, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთაა მიღებული და მასზე დიდხანს და საფუძვლიანად იფიქრეს ინკოგნიტო პირებმა. ამას ადასტურებს დროში დაგრაფიკებული რეფორმების ნუსხა, რომელიც ქრონოლოგიურად, დაახლოებით, ასე გამოიყურება:
-სკოლებში ჩანერგეს მანდატურები. მათი ქაღალდზე დაწერილი მოვალეობა ბავშვების უსაფრთხოებაა. სინამდვილეში, მანდატურები სკოლის პედაგოგებს დაუპირისპირდნენ, შექმნეს დაბეზღებისა და ხმების გავრცელება-შეგროვების აპრობირებული სისტემა; შეზღუდეს მასწავლებლის ავტორიტეტი, მოზარდებში დათესეს ფორმიან პირთან საიდუმლო ურთიერთობის მეთოდი;
-წიგნი გამოცხადდა ანაქრონიზმად, წერა-კითხვა განხორციელდება ელექტრონული ტექნიკით. მოსწავლე პირველი კლასიდანვე ჩართულია მსოფლიო ინტერნეტ-აბლაბუდაში, მისი ზომბირების პროცესი გაიოლებულია და კონტროლს ექვემდებარება;
-სკოლებში პედაგოგის სტატუსით შეყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ადამიანები, რომელთა განათლება და პედაგოგიური გამოცდილება გასაიდუმლოებულია. არც ისაა ცნობილი, რა მეთოდოლოგიით უნდა იმუშაონ მათ ქართველ ბავშვებთან. დაზუსტებული ინფორმაციით, ბევრ მათგანს ანკეტაში გამოცდილების გრაფა საერთოდ შეუვსებელი აქვს, განათლება კი – კოლეჯის კურსდამთავრებული უწერიათ.
- ქართველი მასწავლებლები გამოცდებზე შერეკეს და მათი უმრავლესობა უვიცად გამოაცხადეს. სკოლებიდან პანტა-პუნტით ათავისუფლებენ გამოცდილ პედაგოგებს, მათს ადგილებს ან უცხოელი დესანტი იკავებს, ან ხელისუფლების მიერ მართული სუბიექტები.
სასკოლო რეფორმების მთელი ეს თაიგული მიმართულია კონტროლირებადი მოზარდი თაობის ახალი ჯიშის გამოსაყვანად, რომელიც პირველივე კლასიდან ინგლისურ ენაზე იმეტყველებს და იაზროვნებს, გადაწყვეტილებებს მიიღებს დასავლური ღირებულებების გათვალისწინებით და პრიორიტეტებს სწორედ ამ ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთებს. ეროვნულად მოაზროვნე გამონაკლისებს მანდატურები საწყის ეტაპზევე ამოძირკვავენ, ხოლო უცხოეთიდან იმპორტირებული ინსტრუქტორები მოზარდთა გონებრივ-მენტალური ყალიბების ჩამოსხმაზე იმუშავებენ.
ამ ლოგიკიდან გამომდინარე გამოდის, რომ 15 სექტემბრიდან 12 წლის შემდეგ, ანუ , როცა წლევანდელი პირველკლასელი სკოლას დაამთავრებს, საქართველო მიიღებს სრულიად ახალი ტიპის, სხვა ფასეულობებითა და ტრადიციებით მოაზროვნე პირადობის მოწმობას, რომლის ეროვნული პოტენციალი პირობითობის ფარგლებში იმერყევებს.
ვის ინტერესებში შედის ასეთი მანქურთული ყაიდის თაობის გამოზრდა, ძნელი სავარაუდოა, რადგან აქ ერთდროულად ორი წრფე კვეთს ერთმანეთს: ერთის მხრივ, დასავლეთსაც აწყობს გადაგვარებული და ადვილად კონტროლირებადი, სინგაპურელი აბორიგენის მსგავსი ადამიანთა დაჯგუფების საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს ამჟამინდელ ხელისუფლებასაც აძლევს ხელს, რადგან დასავლურ კრედიტებს ამგვარი თამასუქებით გადაიხდის.
შაშკინი განათლების მინისტრია. ადრე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო. პრემიერ-მინისტრობასაც უწინასწარმეტყველებენ ხოლმე პერიოდულად. თუ განათლების შესახებ დავალებას პირნათლად შეასრულებს, გახდება კიდეც. თუ არადა, საზღვარგარეთ გააგზავნიან სასწავლებლად.
mms-infoagency.ge

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა, რასაც სასწავლო პროცესის პარალიზება მოჰყვა.
[ნანა ფაჟავა. 12:42 03-11-2010]
აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება პოლიციელებისა და განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის წარმომადგენელთა გამოჩენამაც გამოიწვია, რომლებიც მათ აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგის დაკავების მიზეზებზე ახსნა-განმარტებებს დირექციისგან, რესურსცენტრისა და პოლიციისგან ერთნაირად მოითხოვდნენ, თუმცა, როგორც ბავშვები აცხადებდნენ, შესაბამისი კითხვები ვეღარ მიიღეს.
მოსწავლეები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სკოლის ადმინისტრაცია მათ გაცდენილი გაკვეთილების გამო ჯარიმით, ან გარიცხვით ემუქრებოდა. რესურსცენტრის იურისტის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტზე მშობლებიც საუბრობდნენ, თუმცა აქციაზე მისული დავით ჭანტურია და რესურსცენტრის უფროსის მოადგილე მამუკა ბულია, კომენტარზე უარს აცხადებდნენ და ჟურნალისტებს “არასაჭირო დროს გამოჩენაში” ადანაშაულებდნენ.
ტყაიას საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა ბობოხია კი სკოლაში მიმდინარე საპროტესტო აქციას “ჟურნალისტებისთვის გამართულ ჩვენებად” აფასებს და “საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლის ტერიტორიაზე ნებისმიერი შეკრების აკრძალვაზე” საუბრობს.
აქციის მონაწილეები “პრესა.გე”-ს მიტროფანე მიქავას უდანაშაულობაში არწმუნებდნენ და მის დაკავებას დაგეგმილ პროვოკაციად აფასებდნენ. მშობლების განცხადებით, ისტორიის მასწავლებელს, რომელიც 2007 წლამდე სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, სამართალდამცავი სტრუქტურები სკოლაში დამონტაჟებული გამათბობელი სისტემის, ე.წ. “რადიატორების” დემონტაჟში, მის გაყიდვასა და მიღებული თანხის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ.
იმ პერიოდში მშობელთა კომიტეტში გაერთიანებული ადამიანები მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ წაყენებულ ასეთ ბრალდებას “შეთითხნილად” მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დირექტორმა “რადიატორები” მოსწავლეებისა და მშობლების დახმარებით ჩამოხსნა, ხოლო მიღებული თანხა სკოლის კეთილმოწყობას მოხმარდა.
მიტროფანე მიქავას დაკავების დეტალებზე “პრესა.გე” მის ადვოკატს, გივი ძაძამიასაც ესაუბრა. “მასწავლებელი 21 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დარბაზიდან აიყვანეს. მას ბრალი სსსკ-ს 182-ე მუხლით, “სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე” წაუყენეს და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბატონი მიტროფანე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შესაბამისად არც დანაშაულს აღიარებს.
ამ საქმეზე გამოძიება ფინანსურმა პოლიციამ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. საქმეში სპეციალური აქტიც დევს, სადაც სწორედ “რადიატორების” დემონტაჟისა და მისი გაყიდვით მიღებული თანხის გახარჯვის ანგარიშია აღნიშნული. ამ დოკუმენტს დირექტორთან ერთად ხელს აწერენ სხვა პედაგოგებიც. სამწუხაროდ, პირველ ინსტანციაში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. უახლოეს დღეებში სააპელაციო საჩივარი გადაიგზავნება და იმედი მაქვს, რომ მასწავლებლის უდანაშაულობა დამტკიცდება”,-აცხადებს ადვოკატი.
ის, რომ მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება პროვოცირებულია, ეჭვი არ ეპარება ზუგდიდში გამომავალი ჟურნალის, “ღია ბოქლომის” ჟურნალისტს, ილია ჩაჩიბაიას. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალის ფურცლებზე განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრისა და ტყაიას სკოლის ადმინისტრაციის მაკომპრომატირებელი მიქავას წერილი დაიბეჭდა, დევნა არა მარტო მასწავლებლის, არამედ მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ განხორციელდა, რომელიც საჯარო დაწესებულებებიდან მათი გათავისუფლებით დასრულდა.
ჩაჩიბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიასა და განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, აზა ჯოჯუას კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს იმ წერილიდან, რომელიც მიტროფანე მიქავამ დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე “ღია ბოქლომის” რედაქციაში მიიტანა:
“2007 წლის 3 ივლისს, რესურსცენტრის უფროსის, აზა ჯოჯუას უსაფუძვლო მოტივების საფუძველზე სამსახურიდან გამათავისუფლეს. ჯოჯუა ამასაც არ დასჯერდა და 4 ივლისს “რუსთავი2”-სა და “მზის” ეთერით დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მე სკოლის დაწვით ვიმუქრებოდი.
ეს ყველაფერი კეთდებოდა მიზანმიმართულად, რათა დაეშინებინათ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები. ზეწოლის შედეგად, 6 ივლისს, სამეურვეო საბჭომ დირექტორად აირჩია სკოლაში ყველაზე დაბალი დონის მასწავლებელი ხათუნა ბობოხია, რომელიც დირექტორთა შესარჩევ კონკურსში ხელოვნურად, კანონდარღვევით გაიყვანეს.
არადა, ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს ზოგადი განათლების კანონის (მ.41.პ.4) თანახმად, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნდა დანიშნულიყო სასწავლო ნაწილის გამგე ფატიმა ჩხეტია. სამწუხაროდ, მისი დანიშვნა სკოლის დირექტორად არ შედიოდა ჯოჯუას ინტერესებში…
2008 წლის 5 მარტს სკოლაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 5 კომპიუტერი გაიტაცეს. დაყაჩაღება საეჭვო ვითარებაში მოხდა. ხოხობიას მითითებით დარაჯები ღამის საათებში აღებდნენ კომპიუტერის კაბინეტს და იქ, ღია კარებში იძინებდნენ… პოლიციამ ამ ფაქტის გამო სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ლ. უზარაშვილი დააკავა.
2008 წლის 1 ივნისს განცხადებით მივმართე შს მინისტრს, გენპროკურორსა, განათლების მინისტრს და ავღნიშნე, რომ კომპიუტერების გატაცება მოხდა რძალ-დედამთილის, ბობოხიასა და სამუშიას-დირექტორისა და პედაგოგის ხელშეწყობით, რომლებსაც აზა ჯოჯუა მფარველობს.
ამის მტკიცების საფუძველს კი ის ფაქტები მაძლევს, რაც ამ პროცესებს წინ უძღოდა. 2007 წლის 9 იანვარს, მე, როგორც დირექტორს, მე-10 კლასის მოსწავლეებმა განცხადებით მომმართეს, სადაც ისინი მათემატიკის მასწავლებლის, ქ. სამუშიას სხვა პედაგოგით შეცვლას მთხოვდნენ, რადგან მან “ბავშვებს სკოლაში სიარული შეაძულა”. ეს ფაქტი გახდა საბაბი სამუშიასთვის, რათა მას მოსწავლეების მიმართ დევნა დაეწყო. სამუშიამ ყველა იმ ბავშვის ოჯახი ააწიოკა, რომელიც ხელს აწერდა ამ განცხადებას… ვფიქრობ, რომ შეთქმულების მონაწილეები გეგმავდნენ ყაჩაღობის ფაქტთან ჩემი კავშირი რამენაირად შეეთითხნათ…
2009 წლის 16 ივნისს განათლების სამინისტროში გავაგზავნე წერილი და რამდენიმე მოთხოვნა დავაყენე, მათ შორის დირექტორის თანამდებობაზე კანონდარღვევით დანიშნული ბობოხიას გათავისუფლება და მისი და სამუშიას ხელშეწყობით გატაცებული კომპიუტერების სკოლაში დაბრუნება.
ამ უწყებიდან მიღებულ პასუხში შემახსენეს ის, თუ როგორ დაინიშნა დირექტორად ბობოხია და არაფერი იყო ნათქვამი მის კანონიერებაზე. კომპიუტერებთან დაკავშირებით კი მიმითითეს, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის მიმემართა. ერთ-ერთი ასეთი უწყებიდან პასუხი უკვე მივიღე, სადაც საუბარია ფინანსური პოლიციაში ჩემს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც “რადიატორების” ჯართად ჩაბარებას უკავშირდებოდა. ამით შეეცადნენ ჩემს გაჩუმებას, მაგრამ არ გამოუვათ.
კატეგორიულად მოვითხოვ, ჯოჯუამ, ბობოხიამ და სამუშიამ დააბრუნონ კომპიუტერები სკოლაში. თუ ვინმეს ცილისწამებად მიაჩნია ჩემი განცხადებები, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. მე კი მზად ვარ სიმართლე ყველგან დავამტკიცო…”
მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს “პრესა.გე” თვალს მომავალშიც მიადევნებს.
presa.ge

"ქალა" – დაბეჭდვის ექსკლუზიური ნებართვით

ოთუთუნეს წმინდა სასაფლაოზე არცთუ დიდი ხნის წინათ კიდევ ერთი ბორცვაკი გაჩნდა. მის ქვეშ ანანას, როგორც შემდგომ სრულიად შემთხვევით გახმაურდა, უთავო ანუ თავმოკვეთილმა ნეშტმა განისვენა. გარდაცვლილს ახლობელი ან მეგობარი არა ჰყოლია და იგი მეზობლებისა და შორეული ნათესავების ვიწრო წრემ მიაბარა მიწას. დასაფლავების დღეს ადრე გაზაფხულის სუსხიანი ქარი გაშმაგებით აფრიალებდა ფანჩატურზე მიმაგრებულ ოქროსფერარშიიან შავ ლენტს, თითქოს ვერ შერიგებოდა მასზე წარწერილის – “დავსტირით მარად დაუვიწყარ ანანას” – სინამდვილესთან შეუსაბამობას.
[ავტორი: გია ხუბუა]
იმ მცირეოდენი სიბრალულისაგან, საწყალი, უიღბლოდ მოსული კაცის ამქვეყნიდან წასვლამ რომ აღძრა ნაცნობთა გულებში, მეორე დღესვე აღარაფერი დარჩა. ეს უპირველეს ყოვლისა, საფლავს დაეტყო. არათუ პორტრეტიანი მარმარილოს ქვით, ხის უბრალო ჯვრითაც არავის აღუნიშნავს იგი. როგორც კი დათბა, ბალახი და ძეძვი მოეძალა; შემოუკავებელი, მოუვლელი, სარეველამორეული, საცაა შამბნარში ჩაიკარგება მთლიანად.
თითქოსდა სამუდამოდ უნდა გამქრალიყო ანანას ხსოვნა მიწისპირიდან, მაგრამ მისმა სახელმა და უკვე თითქმის წაშლილმა სახემ გასულ თვეში მოულოდნელად ამოყვინთა დავიწყების ტბის ფსკერიდან და ლამის მთელი ქალაქი აალაპარაკა; ააალაპარაკა და რამდენიმე დღით მოუკლა გართობის წყურვილი.
ქალაქში დარხეული სავსებით სარწმუნო ხმები ანანას თავის გასაოცარ და ფრიად გამართობელ ხვედრზე მკითხველისათვის ბოლომდე გასაგები რომ იყოს, აუცილებელია ორიოდე სიტყვა ითქვას აწ განსვენებულის გარეგნობის ერთ თავისებურებაზე, რამაც განმსაზღვრელი და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საბედისწერო როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.
საქმე ის გახლავთ, რომ ანანას მეტად უცნაური ფორმის, ყოველგვარ სიმეტრიულობას მოკლებული, უხეიროზე უხეიროდ გამოჩორკნილი თავი ჰქონდა. ზუსტად არავინ იცის, როგორ და რა ასაკიდან გაიცნობიერა ანანამ საკუთარი სიმახინჯე, _სარკეში მოჰკრა თვალი პირველად თუ ფოტოსურათზე შენიშნა; ან, სანამ თვითონ აღიქვა, ვიღაცამ უთხრა, შესაძლოა, დასცინა კიდეც. უფრო სავარაუდოა, რომ დასცინეს. ეს ალბათ ბავშვობაში, საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდებოდა. ასეა თუ ისე, ერთ ავადსამახსოვრო დღეს ანანა საშინელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა: თანატოლების მრგვალი, კოხტა თავებისაგან განსხვავებით, მას დიდი ნესვივით წაგრძელებული, გასაოცრად უშნო თავი დამხობოდა კისერზე. დაქანებული შუბლი გვერდებიდან უთანაბროდ შეჭყვლეტოდა, კეფა ცალ მხარეს გაბრტყელებოდა, მეორე მხარეს დიდი ბურცობით დამშვენოდა; ბურცობი იმხელა გახლდათ, იფიქრებდით, მეორე თავია, ოდნავ განუვითარებელიო; თხემზეც ისეთი ფორმის, ოღონდ შედარებით პატარა ბურცობი ამოზრდოდა გვერდულად. ერთი სიტყვით, თავი კი არა, ეს იყო რაღაც საშინელება, რომელიც ნებისმიერ პატრონს, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ცხოვრებაში ბევრ უსიამოვნებას მოუტანდა უსათუოდ, ხოლო მეტისმეტად მგრძნობიარე ანანასათვის იგი სულაც პირადი ტრაგედის მიზეზი გახდა; იმ დღიდან მოყოლებული, რაც მწარე სინამდვილე გაიცნობიერა, ანანამ სამუდამოდ მიიკერა არასრულუფასოვნების იარლიყი. შეძრწუნებულმა იმდენად მტკივნეულად განიცადა თავისი ფიზიკური ნაკლი, რომ ტემპერატურამ აუწია და კარგა ხნით ლოგინად ჩავარდა.
ექიმების დახმარებით ფეხზე წამომდგარს წარმოუდგენლად შეცვლოდა გამომეტყველება. გრძელწამწამა, ლამაზ თვალებში ბავშვისათვის შეუფერებელი სევდა ჩასდგომოდა, მთელს სახეზე წარუშლელი დარდი ეხატა. მის სულსაც ღრმა კვალი დამჩნეოდა, შინაგანად გაღიზიანებული, გულჩათხრობილი, განკერძოებული გახდა, რაც ნასიცხარობით ვერ აიხსნებოდა და ასეთი დარჩა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სკოლაში ანანა ჩინებულად სწავლობდა და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოწაფედაც ითვლებოდა, არანორმალური მოყვანილობის ქალას მისი ტვინისათვის არაფერი ევნო.გაკვეთილებს ერთი მოსმენით ითვისებდა, მსჯელობის უნარითაც გამოირჩეოდა, მაგრამ, პედაგოგების თქმით, “აუტანლად პასიური” იყო, ხელაწეული ან თავისი სურვილით კამათში მონაწილე იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. ბავშვებთან თამაშში ჩართულს გაახსენდებოდა თუ არა თავისი სიმახინჯე, მაშინათვე დამნაშავესავით გადგებოდა განზე. დეფორმირებულ ქალას იგი ყველაზე დიდ უბედურებად თვლიდა, ოღონდ ასეთი თავი არ ჰქონოდა და სიამოვნებით დათანხმდებოდა სიკოჭლეზე ან ბრუციანობაზე.
სკოლას მკაცრი, მომთხოვნი დირექტორი ჰყავდა. მას აღზრდის საკუთარი კონცეფცია ჰქონდა შემუშავებული, რისგან იოტისოდენა გადახრაც სასტიკად იკრძალებოდა. ამ კონცეფციის ერთ-ერთი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ მოსწავლე ვაჟებს ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა დაეყვანათ თმის სიგრზე დირექტორის “თმის დონეზე”, ესე იგი, ნულზე გადაეპარსათ. ანანას წამება სადალაქოდან იწყებოდა. პროვინციული ქალაქების დალაქები გამორჩეულად ოხუნჯი ხალხი რომ გახლავთ, ცნობილია, მაგრამ თვით ამ დაწესებულებას, ეტყობა, აქვს განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც ყველაზე გაუცინარ კლიენტსაც, ფეხს შემოდგამს თუ არ, ანგლობის ხასიათზე აყენებს, თითქოს გასაპარს_გასაკრეჭად კია არა, ხუმრობაში ენის გასავარჯიშებლად მოდიან ოჯახაშენებულები!
იჯდა ანანა სადალაქოში კისერზე მიტკლისპირსახოცშემოჭერილი, ლოყებშეფაკლული, ყურის ნიჟარებზე ცეცხლწაკიდებული საპარსი მანქანის ზუზუნში კრიჭაშეკრული უსმენდა თავისი ბედოვლათი გოგრის გარშემო ატეხილ კვიმატსიტყვაობას; უსმენდა და ტირილს აღარაფერი უკლდა.
სკოლაში უარესი დღე ელოდა. ყოველ გადაპარსვაზე ბვშვები თითქოს ხელახლა აღმოაჩენდნენ “შტომპოლს”. გოგონებსაც აუცილებლად უნდა “აეღოთ სიფთა”, ისე არ მოისვენებდნენ. თუკი ვინმე გამოესარჩლებოდა მასხრად აგდებულს, კიდევ უფრო შეურაცხოფილად გრძნობდა თავს.
ერთხელ იგი აქვითინებული და სიცხიანი დაბრუნდა შინ. სკოლაში სამედიცინო შემოწმება ჩატარდა. საკლასო ოთახში ვიღაც თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა. ერთი მხედველობას, ხოლო მეორე ხერხემლის სისწორეს უსინჯავდა მოსწავლეებს. იმ მეორემ, ანანას მერხს რომ გაუსწორდა, ხმამაღლა წამოიძახა:
შეხედეთ, შეხედეთ ამ ბავშვის კეფას!
კლასში სიცილ-ხარხარი გაისმა.
ჭარხალივით გაწითლებული. სიმწრის ოფლში გახვითქული ანანა დაფასთან გაიყვანეს, წელზევით გააშიშვლეს და წაღმა-უკუღმა აბრუნეს. ტანზე, რომ მაინცდამაინც ვერაფერი უნახეს, ისევ თავზე გადაიტანეს ყურადღება. მერე თეთრხალათიანი ქალები რიგროგობით ლანზღვდნენ უბნის ექიმს, ანანას მსობლებს და აკვანს,. პირველად მაშინ გაიგო ანანამ, რომ მისი უბედურების მიზეზი იყო რაქიტი-საშინელი დაავადება! “რაქიტი” – ო, რა საშინლად ჟღერდა ეს სიტყვა!
რამდენიმე დღის შემდეგ ზეპირად იცოდა:
“რაქიტი” წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან რჰაცჰის, რაც ნიშნავს ხერხემალს. რაქიტი არის ბავშვის ორგანიზმის დავადება, რომელიც ვითარდება კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად. პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ფრენსის გლისონმა 1650 წელს. რაქიტის ძირითადი მიზანი ვიტამინის ნაკლებობაა. ავადმყოფის ნიშნები ვლინდება 2-3 თვის ასაკში. თანდათან ვითრდება ჩონჩხის მკაფიო ცვლილებები: კეფის დარბილება და გაბრტყელება, დიდი ყიფლიბანდის მოგვიანებით დახურვა, თავის ასიმეტრია. შემდგომ ძვლოვანი ქსოვალის ჭარბად განვითარების გამო მკაფიოდ იკვეთება შუბლისა და თხემის ბორცვები, თავი ზოგიერთ შემთხვევაში უცნაურ ფორმას იღებს. ძვლების დეფორმაცია რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში”.
მეცხრე კლასში იყო ანანა, როცა სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდა. მან თავგადახოტრილი მოსწავლეების დანახვაზე სასტიკად გაილაშქრა ამგვარი ‘ვითომდა სპარტანული, სინამდვილეში კი ბარბაროსული‘ აღზრდის წინააღმდეგ, რითაც ერთბაშად მოიგო აღსაზრდელთა გული. ახალ დირექტორს წინამორბედივით კინკრიხოზეღა შერჩენოდა ორიოდე ღერი ღინღლისმაგავრი თმა, მაგრამ მისგან განსხვავებით, იგი ერთობ მოწყალედ უყურებდა ბიჭების მოდურ ვარცხნილობებს. მოშვებულმა ხშირმა თმამ ანანას შეუდარებლად გაულამაზა თავი, თუმცა ამანაც ვერ მოუტანა შვება. დღენიადაგ ახსოვდა, როგორი ფორმის თავი ჰქონდა თმებქვეშ. მისი ყოველი კვადრატული მილიმეტრი თითებით უთვალავჯერ ჰქონდა გასინჯული. ზოგჯერ გაკვეთილზე საკუთარ ქალას გამოხაზავდა რომელიღაც სიბრტყეში. ძილშიაც არ ასვენებდა სიმახინჯის განცდა- სიზმრებშიც ქალა უტრიალებდა თვალწინ, ყოველ ღამეულ მოლანდებაში მისი გოგრა უნდა გამოჩხრეკილიყო უსათუოდ. იშვიათად, ძალზე იშვიათად, ტკბილ ზმანებასაც ნახულობდა – რაღაც სასწაულით თავს ვითომ იდეალური მოყვანილეობა მიეღო! ზეიმობდა ანანა მაშინ, ტუჩებზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ ხანმოკლე ნეტარებას გაღვიძებისთანავე მწარე გულგატეხა მოსდევდა.
სქელი, დამყოლი თმები, ასეა თუ ისე, ერთგვარად ამსუბუქებდა ანანას მდგომარეობას. ამიტომ ერთხელ, სარკეში თავისი გარეგნობის მორიგი კრიტიკული თვალიერებისას, შუბლის კუთხეებში სიქაჩლის პირველი სიმპტომები რომ შენიშნა, – თავზარი დაეცა. როგორი შიშით ელოდა ამ დღეს! ანგარიშმიუცემლად აიღო სავარცხელი და ფრთხილად გადაისვა. თვრამეტი ღერი თმა გამოჰყოლოდა სავარცხელს. ანანას გულის ძარღვები ჩასწყდა, ნაღვლის ტალღები მოედო მთელ გულგვამში. რამდენიმე წუთს უაზროდ მისჩერებოდა სარკეს. მერე თვალებში ცეცხლი გაუკრთა. უეცრად შეეცვალა გამომეტყველება. გაშმაგებით დაივარცხნა თმა და სინათლეზე შეამოწმა. სავარცხელი თმით იყო სავსე. ამან უფრო გაახელა, იმ მომენტში უჩვეულოდ მრისხანედ გამოიყურებოდა.
ანანამ უკვე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა, გადაწყვიტა შებრძოლებოდა ბუნების მუხანათობას და ქალაქის რამდენიმე ექიმბაში მოინახულა. ერთმა შუახნის ფაშფაშა ქალმა, სრულიად გაუგებარ სტილში და ძალზე უგემოვნოდ მორთულ-მოკაზმულმა, ადვილად დააჯერა იგი, რომ შერჩენილ თმას სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნებდა. სხვებისგან განსხვავებით, ექიმბაში თმის ამოყვანას არ ჰპირდებოდა, ამიტომ უფრო სანდო ჩანდა. წლინახევრის განმავლობაში ანანა ყოველ ღამე ისვამდა თავზე რაღაც საზიზღარ სითხეს, ნივრის, სპირიტის, ქაფურისა და თოხლო კვერცხის სუნი, რომ უდიოდა. შემდეგ თავს ცხვირსახოცით მაგრა იხვევდა და აქოთებული წვებოდა დასაძინებლად. თავდაპირველად ეჩვენებოდა, წამალი მშველისო, თითქოს აღარ სცვიოდა თმა, მაგრამ მალე დარწმუნდა, –ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი იყო! შუბლი თანდათან უგანიერდებოდა და უმაღლდებოდა, კეფა ყველაზე თვალშისაცემ ადგილას ამოუტიტვდა. თანდათან ეჭვიც გაჰკრავდა კლანჭებს, წამალი, რომ არ მეხმარა, იქნებ ასე უმოწყალოდ არგავმელოტებულიყავიო.
ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და ახლა უშუალოდ ქალაზე მიიტანა იერიში. ხელიგულს აწერდა ამოწეულ ადგელებს, მერე რაღაც აკუსტიკური წერტილები შეარჩია, თითებს იკაკუნებდა თავზე საათობით. შემდგომ მეთოდი დახვეწა და თითები რეზინის დრეკადი ჩაქუჩით შეცვალა. სამსახურში ზოგჯერ სახაზავსაც აირაკუნებდა ბურცობებზე. ერთი სიტყვით, მედგრად იბრძოდა სილამაზისათვის, თუმცა უშედეგოდ…
მივადექით ანანას თავგადასავლის ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთს, როდესაც, პოეტის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, მის ცხოვრებაში შემოიჭრა ქალი. უმცროს კონსტრუქტორად მუშაობის უკვერამდენიმე წლის სტაჟი ჰქონდა, პირველი და უკანასკნელი სიყვარული რომ ეწვია. რაც არ ეცადა, გულის კარი რაც არ ჰგმანა, მაინც ვერ გაექცა. ამურის მიერ ნატყორცნ ისარს. ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს, თითქოს სურს მათი ჯვარცმა უეჭველი და გარდაუვალი გახადოსო, მამაზეციერი უაღრესად დახვეწილ გემოვნებას დაანათლავს ხოლმე. ანანას რჩეული – ქალაქის უმსვენიერესი ქალიშვილი – კარგ ქართულ ოჯახში აღზრდილი ზნეკეთილი არსება გახლდათ, მაგრამ თავისი ახალი თაყვანისმცემლის ვინაობა რომ გაუგია, სიცილით ისე გადაფიჩინებულა, ძლივს მოუსულიერებიათ. მოზღვავებული სიყვარულით საბოლოოდ განადგურებულმა ანანამ მარტოობისათვის დაბადებულად ცათვალა თავი, სამსახური მიატოვა და მთლად კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. იჯდა შინ წიგნებთან დამეგობრებული, უკუდურესი აუცილებლობისას თუ გამოვიდოდა გარეთ. ქალაქში ყველამ იცოდა ანეკდოტები აქაური მექუდეებისა და ანანას თავის ურთიერთობაზე, ცნობით კი ვინმე თუ იცნობდა. მეზობლები თავისებურ ადამიანად თვლიდნენ, ზოგჯერ მის სულიერ ავადმყოფობაზეც ჩურჩულებდნენ.
ასეთი თვალსაზრისი უფრო განმტკიცდა, როცა საქალაქო გაზეთში ანანას მიერ საბავშვო ფონƮ

მიხეილ სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს "თავგასიებული" უწოდა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამ ტენდენციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს.
[15:54 09-11-2010]
“ეს არ არის ჩემი აკვიატება და ახირება, რომ უნდა ვიცოდეთ უცხო ენა. ეს არის ინსტრუმენტი, რათა ადამიანმა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს; ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო”, – განაცხადა სააკაშვილმა დღეს, “თავისუფალ უნივერსიტეტში” სტუმრობისას.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართველები ყოველთვის იყვნენ ცნობისმოყვარეები. ამის მაგალითად სააკაშვილმა “ვეფხისტყაოსანი” მოიყვანა, რომელსაც სამყაროს მიკრომოდელი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ნაწარმოებში მთელი სამყაროა აღწერილია.
“როცა ხარ პატარა ქვეყანა, რომელსაც გინდა წარმატებას მიაღწიო და იბრძვი გადარჩენისთვის, შეუძლებელია, არ იცოდე, რა ხდება დანარჩენ სამყაროში”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ინგლისური ენის წინააღმდეგ ასეთი მოსაზრება “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერს გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის, რომელიც ამის შესახებ საუბრობს ყველგან – ტელეარხებზე, პრესაში და მოსახლეობასთან შეხვედრისას. სანიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარეობს “სინგაპურიზაციის” პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მეორე სახელმწიფო ენის გაჩენას, კერძოდ – ინგლისური ენის.
“რაში გვჭირდება ინგლისური ჩვენ? რატომ არის ამოჩემებული ეს ინგლისური? ჩვენს სამეზობლოში ინგლისურად არავინ ლაპარაკობს. ვიღაც ტვინნაღრძობმა მიშისტმა შიძლება თქვას, ჩვენ ხომ ევროპაში შევდივართო? ჯერ ერთი, ევროპამ უზარმაზარი ბოქლომი დაგვიდო თავის კარზე და მეორეც – ევროპაში მთავარი ენები დღეს არის გერმანული და ფრანგული. ვიღაცამ შეიძლება თქვას – ტურიზმის განსავითარებლად გვჭირდება ინგლისურიო. იტალიასა და ესპანეთს ჩვენ ტურიზმში ვერასდროს დავეწევით, მაგრამ ჩადით ესპანეთსა და იტალიაში და ვინმეს თუ სჭირდება იქ ინგლისური, ნახეთ. გვჭირდება იმისთვის, რომ აქ ბურები ჩამოვლენ, ჩინელები ჩამოვლენ, ინდოელები ჩამოვლენ და იმათ უნდა ველაპარაკოთ?”, – აცხადებს სანიკიძე პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“ეროვნული ფორუმის” იდეოლოგიური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ერთი თაობის შემდეგ ქართული ენა მხოლოდ საეკლესიო ენა გახდეს.
interpressnews.ge, presa.ge

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სვანეთში დაკავებული, ოპოზიციის ლიდერის საქმის განხილვა დაასრულა [video]

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელთა უმრავლესობას მოსამართლე დავით კეკენაძემ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.ადვოკატების ერთმა ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა…
[21:24 08-11-2010]
შეგახსენებთ, რომ მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და ადგილობრივი შოთა ჯაფარიძე სამართალდამცველებმა 9 ივლისს დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.