ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! – გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა. მოქალაქეებს ხმის მიცმის საშუალება ერთი ID–მისამართიდან მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ. გთავაზობთ გამოკითხვის გამაოგნებელ შედეგებს:
[00:24 18-12-2010]
1. ვანო მერაბიშვილი 17% (90 ხმა)
2. ლევან გაჩეჩილაძე 11% (58 ხმა)
3. ირაკლი ალასანია 10% (53 ხმა)
4. ნინო ბურჯანაძე 10% (52 ხმა)
5. კოკო გამსახურდიას 8% (44)
6. ირაკლი ოქრუაშვილი 8% (43 ხმა)
7. დავით ბაქრაძე 4% (23 ხმა)
8. გიორგი თარგამაძე 3% (15 ხმა)
9. დავით გამყრელიძე 1% (6 ხმა)
10. სხვა 28% (150 ხმა)

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, უმრავლესობა, ხმას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს აძლევს; მეორე ადგილზეა „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, მას 1% ირაკლი ალასანია (10%) და ნინო ბურჯანაძე (10%) ჩამორჩებიან, ამ ორ ლიდერს შორის 1 ხმით ალასანია ბურჯანაძეს უსწრებს.
მეხუთე ადგილზეა „ქართული პარტიის“ კიდევ ერთი წევრი ირაკლი ოქრუაშვული, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოკითხულთა 8% ნდობა დაიმსახურა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 4%–ით უსწრებს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს გიორგი თარგამაძეს (3%); დღეისთვის, ყველაზე დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია „მემარჯვენე“ დავით გამყრელიძე (1%).
უცნობია პასხუხში „სხვა“ ვის და რამდენ პოლიტიკოსს გულისხმობდნენ ჩვენი რესპოდენტები მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე მეტი ხმა სწორედ ამ პასუხმა დააგროვა (28%).
გამოკითხვა მიზნად ისახავდა ჩვენი ჟურნალის მკითხველთა პოლიტიკური შეხედულებების გარკვევას და არა რომელიმე საპრეზიდენტო არჩევნების, შესაძლო მონაწილის რეიტინგის გაზრდას ან დაკნინებას. სკეპტიკოსებს შეუძლიათ ეს შედეგები სერიოზულად არ ჩათვალონ და ზოგიერთმა, გაყალბებულადაც კი მიიჩნიოს, მაგრამ რედაქციას შედეგების ფალსიფიკაციის არანაირი მოტივი არ გააჩნია…
სანამ საქართველოს მოსახლეობა ღრმა ძილს მისცემია მავანი მერაბიშვილი 2013 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის უკვე სერიოზულად იბრძვის და თუ დღეს, ერთხმად არ ვუთხარით სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლაბას „არა“ – მომდევნო 10 წლის განმავლობაში თავზე ისე წამოგვასკუპდებიან, რომ გამოფხიზლებასაც ვერ მოვასწრებთ.
„ვიდექ მარტოკა… და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.“ – ილია ჭავჭავაძის „ელეგია“ (ნაწყვეტი).

ბუდა-ბარი – უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია. ბუდა-ბარი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის რესტორანია, რომელიც საქართველოს დედაქალაქს 2011 წლიდან შეემატება. რამდენიმე თვეა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის გვირაბის შესასვლელთან გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. განახლებულ რიყის ტერიტორიაზე ბუდა-ბარი 1400 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს, დანარჩენი სივრცე კი პარკს დაეთმობა.
[ლილი მიროტაძე. 22:51 18-12-2010]
ბუდა-ბარის ისტორია არც თბილისით იწყება და, ალბათ, არც სრულდება. ბარის იდეა რუმინული წარმოშობის აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს, რაიმონდ ვისანს ეკუთვნის. პირველი ბუდა-ბარი 1996 წელს პარიზში დაიბადა. დღესდღეობით ბარი თანაარსებობს მრავალი ქალაქის, მათ შორის მონტე-კარლოს, ლონდონის, პრაღის, დუბაის, კიევის, სან-პაულოს, ბეირუთის, კაიროს ლანდშაფტებთან. სულ ცოტა ხანში ის ვაშინგტონსაც შეემატება. აღმოსავლური დიზაინი ორიგინალური ჭაღებით, ეგზოტიკური სამზარეულო და, რაღა თქმა უნდა, მუსიკა, რომელზეც მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უკვე ბარის დიჯეე­ბის მიერ შემოთავაზებული მუსიკის ათეულობით ალბომი არსებობს. გარდა ამისა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც ბრენდის ინტერიერის მთავარ დეტალს წარმოადგენს, მის ცენტრში აღმართული ბუდას გრანდიოზული ქანდაკებაა. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება თითოეულ ბუდა-ბარს ევალება.
ხსენებული სტანდარტების დაკმაყოფილება თბილისის ბუდა-ბარსაც მოუწევს. როგორც წამოწყების მესვეურები იტყობინებიან, მშენებლობის პროექტი სწორედ ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით და მომსახურების ხარისხის მეთვალყურეები შემდგომშიც ფრანგები იქნებიან. რა თქმა უნდა, თუ ეს “შემდგომში” საერთოდ იარსებებს.
ბუდა-ბარის იდეამ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეტეხის ხიდზე 100 ათასი წმინდა მოწამის მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათასობით ადამიანის წინაშე განაცხადა, რომ ყოვლად დაუშვებელია ბუდას ქანდაკების დადგმა სანაპიროზე, ანუ წმინდა მიწაზე. ილია II-ს ამ ადგილას ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის აშენება სურს.
ერთადერთი ქალაქი, სადაც ბუდა-ბარი განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც, ჯაკარტაა. თუ საქართველოში ბარის “რელიგიური” დატვირთვის გამო წუხან, ინდონეზიის დედაქალაქის მკვიდრი ბუდისტების მძაფრი პროტესტი საპირისპირო მიზეზმა გამოიწვია: მათთვის ბუდას სახელი და ბუდიზმის წმინდა სიმბოლოების გამოყენება საკრალურობისა და რელიგიური შინაარსისგან დაცლილი გასართობი ცენტრის მიერ ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია.
თუ პროექტი განხორციელდა, რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ შეძლებულ თუ ნაკლებად შეძლებულ ქართველებსა და მხიარულ ტურისტებს გადავაწყდებით. მოსახლეობას უკვე არ მოსწონს ჯერ კიდევ აუშენებელი რესტორნის არსებობა იქ, სადაც “ამდენი ეკლესიაა, სადაც ხალხი სალოცავად და­დის, სადაც თბილისის ისტორიული ცენტრია. კი, ბატონო, გაიხსნას ბუდა-ბარი, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ადგილის შერჩევაც?! ეს წმინდა ადგილია, ეკლესიებით სავსე. რა უნდა აქ ბუდას? ბუდაზეც არ არის ლაპარაკი, საერთოდ, გასართობი ცენტრები თუ რესტორნები აქ არ უნდა გაიხსნას”.
ჯერჯერობით არავინ იცის, ვინ იქნება რესტორნის მესაკუთრე. კიევის ბუდა-ბარს კახი კალაძე პატრონობს. გაჩნდა ეჭვი, რომ თბილისური ბუდა-ბარის მფლობელიც სწორედ კალაძე იქნება, თუმცა ამას თვითონ კალაძე არ ადასტურებს.
ბუდა-ბარის გახსნასთან დაკავშირებით ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, პროექტი მაშინ ვერ განხორციელდა. ახლა, როგორც ჩანს, საჭირო თანხები მოიძიეს, მაგრამ საიდან? რა ჯდება ეს სიამოვნება? მერიის არქიტექტურულ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს საქმე მათ არ ეხებათ და არც ერთ კითხვაზე არ გვპასუხობენ. სურს ეს ბატონ გეგი ქელბაქიანს თუ არა, ბუდა-ბართან დაკავშირებით საუბარი არ შეწყდება. ბევრი კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს კი აზრადაც არ მოსვლია, გაერკვია, რატომ შენდება ბუდა-ბარი იქ, სადაც რამდენიმე წლის წინათ ქართული რესტორნები დაანგრიეს (“მეგრელები”, “ნატვირს ხე”…). თუ ეს რესტორნები “არ ჯდებოდა” თბილისის არქიტექტურულ სტილში, ვითომ ბუდა-ბარი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს? ან რატომ უნდა აშენდეს ბუდა-ბარი მაინც და მაინც რიყეზე, სადაც თბილისის ისტორიული და რელიგიური ცენტრია?
საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც ბუდა-ბარი; რა არის იგი საერთოდ, ვისთვის არის და რა ტიპის გართობას ითვალისწინებს? რატომ გადაწყვიტეს ბარის გაკეთება სწორედ იმ ადგილას, სადაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს რწმენის გამო, სადაც თითოეული სანტიმეტრი მოწამოებრივი სისხლით არის გაჟღენთილი?
რატომ არის ამით თვით პრეზიდენტი დაინტერესებული – აქტიურად ლაპარაკობს ამაზე და საჯარო დაპირებებს იძლევა?
ის, რომ კიდევ ერთი ბარი იხსნება, თუნდაც ბუდა-ბარი, წესით, ცუდი არ უნდა იყოს. მაგრამ რატომ – რიყეზე?
როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, არ ეგონათ, თუ ის რელიგიასთან იქნებოდა გაიგივებული და ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველანაირი შიში თუ ეჭვი გაქრება. მათი თქმით, რიყე თვითონ ფრანგებმა აირჩიეს და გარანტიას იძლევიან, რომ ეს იქნება ისეთი მაღა­ლი კლასის კლუბ-რესტორანი, სადაც არანაირი გამაბრუებელი საშუალებები არ გაიყიდება, ვერც ვერავინ შემოიტანს და მოიხმარს და არც ღრეობა იქნება.
“საქართველო და მსოფლიო” დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ბუდა-ბარის ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილას მშენებლობის თაობაზე.
გურამ ფირცხალავა, მსახიობი:
- ცუდი დამოკიდებულება მაქვს ბუდა-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მგონი, ღალატი ჰქვია, უფრო უარესიც, თუმცა ღალატზე მეტი რაღა უნდა იყოს! საზოგადოების რეაქცია ამათ ვერ აჩერებს. ზემოდანაა დავალებული, რომ ეს ბარი აშენდეს და აშენდება კიდეც, ასე მგონია. ვიღაც არის დაინტერესებული, ეს “ბუდები” რომ ჩამოიყვანონ და ქვეყანა გადარიონ. რატომ სძულს ამ ხალხს ყველაფერი ქართული, ვერ გავიგე! ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშენებლობის შესაჩერებლად, მარტო აქციები ამას ვერ უშველის. ესენი რაღაცნაირად უნდა მორჯულდნენ ან გამოვულოცოთ.
რაღაც უნდა ვქნათ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აუცილებელია, ხმა ამოვიღოთ. ეკლესიის შენებაც დროზე უნდა დავიწყოთ იმ ადგილას. იქნებ, რაღაცამ მოახედოს ეს ოჯახაშენებულები ქართველებისკენ. რა უნდა ვქნათ, იცით? ყველანი უნდა გამოვიდეთ და იმ წმინდა ადგილას ტაძარი ავაშენოთ.
სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი:
- უარესის ღირსები ვართ ამათ ხელში. როცა ხმას არავინ ამოიღებს, უფრო ბევრ ცუდს გაგვიკეთებენ. ყველაფერი გასხვისდა. გასდით და აკეთებენ. პატრიარქსაც რომ არ უსმენენ, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ადგილას ტაძარი ავაშენოთო და არავინ აქცევს ყურადღებას. პატრიარქმა ასე ბრძანა და იქ როგორ შეიძლება ბუდა-ბარის გაკეთება?! ნიღაბი ჩამოისხნეს და პირდაპირ თავს გვესხმიან. ამიტომ ქართველები ცოტა უფრო აზრზე უნდა მოვიდეთ. დახმარება უნდა ვთხოვოთ, იცით, ვის? მუსლიმანებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ებრაელებს… აბა, თვითონ ქართველები ხმას არ იღებენ და იქნებ ესენი მაინც დაგვეხმარონ. რეაქცია აუცილებლად იქნება ამ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი კანონი არაა მისაღები ჩემთვის, თუ მას მორალი არ ახლავს თან. ბევრი იფიქრებს, ალბათ, ისე, როგორც მე და, ალ­ბათ, ეს რეაქციასაც გამოიწვევს. რეაქცია ისეთი უნდა იყოს, როგორიც საჭიროა. უარესის ღირსები ვიქნებით ქართველები, თუ ხმას არ ამოვიღებთ.
P. S. მოკლედ, ქართველები, ხელისუფლების გამოისობით, დიდი დილემის წინაშე ვდგავართ. ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლის მსურველს კი, როცა კეთილ რჩევას არ შეისმენს, უბრალოდ ეუბნებიან: “ჯანდაბაშიც წასულხარო”.

წესით, ხელისუფლებას უნდა ვაგზავნიდეთ ჯანდაბაში, მაგრამ პირიქით ხდება, ჩვენ გვიპირებს იქ გაგზავნას, ანდა სულაც აქვე გაგვიხსნიან ბუდა-ბარს, ანუ “ჩვენს ჯანდაბას”, რომლის მოსანახულებლად ათასობით კილომეტრის გავლა არ დაგვჭირდება.

ქალაქი ჯანდაბა ნამდვილად არსებობდა და ოდესღაც მრისხანე დამპყრობის – ჯაჰან-შაჰის სახელი ერქვა. ამ ქალაქს დღეს დელი ჰქვია, რომელიც აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დასავლური ქალაქია. ჩვენი ხელისუფლება, ალბათ, ფიქრობს, რომ, რაკი ევროპამ ზურგი გვაქცია, აზიის გავლით უნდა დავამკვიდროთ დასავლური ღირებულებები. ჭკვიანურად მოქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას ასე შორს – ფაქტობრივად მოუსავლეთში, წასვლა აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, “ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის…”

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე – UNESCO

“21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები” – ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ვინდჰუკის დეკლარაციის მიღების მე-20 წლისთავი, რომელიც აფრიკაში თავისუფალი და პლურალისტური მედიის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული.
[media.ge. 123:44 19-12-2010]
UNESCO-ს განცხადებით, მომავალი წლის 3 მაისს UNESCO -ს მიერ დაწესებული ყოველწლიური გილიერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. დაჯილდოება ვაშინგტონში ნაციონალურ პრეს კლუბში მოხდება. აღნიშნული ჯილდო, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა, ყოველწლიურად გადაეცემა ისეთ პიროვნებას, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვის და/ან წახალისების საქმეში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით იქ, სადაც მუშაობა ძალიან რისკიანია.
გარდა ამისა, აღნიშნავს UNESCO, 1-3 მაისს ვაშინგტონში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ზემოდაღნიშნულ თემას შეეხება, კონფერენციის ორგანიზატორები იქნებიან UNESCO, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები. კონფერენცია ე.წ. “ნიუსეუმში” გაიმართება, ეს არის ერთგვარი მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის ისტორიას და გამოხატვის თავისუფლებას ეძღვნება. დისკუსიები ინტერნეტის მზარდ როლს, ახალი მედიის წარმოშობას და სოციალური ქსელების სწრაფ ზრდას დაეთმობა.
UNESCO-ს განცხადებით, 4 მაისს სპეციალური ღონისძიება გაიმართება გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, რომელიც ვინდჰუკის დეკლარაციის მიღებიდან 20 წლისთავს მიეძღვნება. აღნიშნული დეკლარაცია ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში იქნა მიღებული 1991 წელს, იგი აფრიკული პრესის განვითარებას ეძღვნება, დეკლარაცია დემოკრატიის შენარჩუნების და ეკონომიკური განვითარების საქმეში დამოუკიდებელი პრესის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღე დააწესა.
ეს თარიღი ვინდჰუკშიც იქნება აღნიშნული – გაიმართება რეგიონალური კონფერენცია, რომლის დროსაც აფრიკაში მედიის მომავალი იქნება განხილული. ამ დღეს გამოიცემა წიგნი “ესე იგი, ეს არის მედიის თავისუფლება? 20 წლის შემდეგ ვინდჰუკის დეკლარაციიდან”, რომლშიც გაანალიზებულია აფრიკაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
არაბულ ქვეყნებში UNESCO-ს და სატელიტური მაუწყებლის “ალ-ჯაზირას” ორგანიზებით მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.
გარდა ამისა, UNESCO მოუწოდებს ყველას ვინც მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ იმ ჟურნალისტების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ „ჩვენ გვქონოდა ინფორმაციის მიღების უფლება.”

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე.
[15:58 20-12-2010]
დასი პოლიკარპე კაკაბაძის ლეგენდარული პიესის სცენაზე გადმოსატანად განსაკუთრებულად ემზადება. მთავარ როლს ასრულებს ლევან შენგელია, აგრეთვე მონაწილეობენ: ლანა ფიფია, ანდრო შამუგია, სესე მიქავა, მარინა დარასელია, გოგი გუგუჩია, თიკო შელეგია, ზალინა გერგაულოვა, გიორგი ფოჩხუა, რეზო ჯოჯუა, მერაბ კაკალია, ზური ლაშხია, ირაკლი სამუშია, ლაშა ხიზანიშვილი, ანანო სურმავა და ბაჩუკი ფიფია.
27–28–29 დეკემბერს, მსახიობები, მაყურებელს საახალწო ჩვენებაზე იწვევენ. მიუზიკლში „ქართველი წითელქუდა ამერიკაში“ ახალი სახეები მაყურებლის გულის მოგებას შეეცდებიან. წარმოდგენას დამწყები რეჟისორი გიორგი ფოჩხუა დგამს. მონაწილეობენ: ანანო სურმავა, თიკო შელეგია, ლანა ფიფია, ზალინა გერგაულოვა, მარინა დარასელია, ნანა ბუკია, გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, ზური ლაშხია, მერაბ კაკალია და ლაშა ხიზანიშვილი.

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია, წელს ლეიბორისტები გამდიდრდნენ და ყოველ „მიწვევაზე“ ჟურნალისტებს ხან ნაყინით აგრილებდნენ და ხან „კოკა-კოლათი“. თუმცა ამ ყველაფერს ბოლოს პლაზმურ ტელევიზორში საკუთარი ბრიფინგები მიემატა.
[00:24 17-12-2010]
გამეორება ცოდნის დედააო და ნათელაშვილმა პრესკონფერენციების დისკი გამოუშვა. 2002 წლიდან მოყოლებული ყველა ბრიფინგი დისკზე ჩაწერა, დანომრა და ახლა ამ დისკებს პრესკონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს ასმენინებს. უფრო სწორად ასმენინებდა მანამ, სანამ ამ „ორიგინალურმა დახვედრამ“ მედიაში პროტესტი არ გამოიწვია და ლეიბორისტების პიარი არ აიძულეს, ტელევიზორიდან „გადმომდგარი“ ნათელაშვილი დაედუმებინა.
ამ ისტორიაში ერთადერთი, ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ზუსტად 2002 წლიდან მოყოლებული შალვა ხან „live“-ში და ხანაც პლაზმური ეკრანიდან თავს იმართლებს და სრულიად საქართველოს უხსნის, რატომ არ უერთდება ამა თუ იმ კონკრეტულ მიტინგს…