ახალი ამბები

„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
13:06 05.05.2012
დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის პარკიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე. მსვლელობის დროს არ შეჩერებულა მანქანების საყვირების ხმა და სკანდირება – დავით გა-რე-ჯი! სა-ქართ-ვე-ლო! მანქანებში მსხდომები აქციისადმი მხარდაჭერას ხელის დაქნევითაც გამოხატავდნენ.

ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ სტუდენტების მონაწილეობით ამ მასშტაბისა და მუხტის აქცია დღემდე არ გამართულა.

მანიფესტაციას წინ მიუძღვოდნენ „შავფაროსნები“ – ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლები, რომელთაც ხელში ეჭირათ დიდი პლაკატი, წარწერით – „დავით გარეჯი საქართველოა!!! დაიცავი შენი წილი საქართველო!!!“ ვაკის პარკთან ახლოს, „ქართუ ჯგუფის“ მრავალსართულიანი შენობის აივნებიდან აქციის მონაწილეებს ტაშითა და ოვაციებით შეეგებნენ.

მელიქიშვილის გამზირზე, იქ, სადაც 5 წლის წინ აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს, მანიფესტაცია შეჩერდა და ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ხელში მიგაფონი ეჭირა, თქვა – „ამ ადგილას 5 წლის წინ მოკლეს თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პატრიოტი ქართველი, გურამ შარაძე. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ბატონი გურამის ხსოვნას“. რამდენიმე წამით სიჩუმე იყო, შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტაში დაუკრეს და გააგრძელეს გზა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანიფესტანტებს მანქანებით მოჰყვებოდნენ და დროდადრო, თავაზიანად აფრთხილებდნენ, რომ გზის სავალი ნაწილი არ გადაეკეტათ და მაქსიმალურად მარჯვენა მხარე დაეკავებინათ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ: წმიდა ნინოს ჯვრიანი საპატრიარქო, შაფაროსნების და ხუთჯვრიანი დროშები.

მსვლელობის მონაწილეები, თავდაპირველად, ვაკის პარკის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. სხვებთან ერთად იქ იყვნენ:

„შავფაროსნები“, რომლებმაც საინიციატივო ჯგუფთან „დაიცავი დავით გარეჯი“ ერთად გაუკეთეს ორგანიზება ამ აქციას; საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ლიდერები; მამუკა გიორგაძე და მისი პარტიის – „სახალხო პარტიის“ წევრები; „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ლიდერი თამარ ჩხეიძე; ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური; ირაკლი წერეთელი და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის – „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის“ წევრები; უფლებადამცველი და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი; მანანა არჩვაძის მომხრები; „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციიდან დავით ფაცაცია და ამავე ორგანიზაციის სხვა აქტივისტები; „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები; პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე; ვეტერანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები; ის ადამიანები, რომლებიც დღემდე აპროტესტებენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობას და ისინიც, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობით დღემდე ამაყობენ; ორგანიზაციის „სტუდენტური ხმა“ წარმომადგენლები.

სანამ ვაკის პარკიდან მსვლელობა დაიწყებოდა, იქ მყოფებს სიტყვით ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა მიმართა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია მეექსვე საუკუნიდან მოყოლებული ყოველთვის ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას და იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ. ოთხმეზურის აზრით, დაუშვებელია იმასთან შეგუება, რომ მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ სასულიერო პირები დაიშვებიან. ისტორიკოსის განმარტებით, ხელშეკრულება, რომელიც სერგო ორჯონიკიძის უშუალო ძალისხმევით 1921 წელს ანექსირებულ საქართველოს თავს მოახვიეს, ლეგიტიმურად არ შეიძლება ჩაითვალოს.

„ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, საქართველოს სასარგებლოდ“, – ასე დაასრულა თავისი მოკლე გამოსვლა გიორგი ოთხმეზურმა, რის შემდეგაც აქციის ორგანიზატორებმა იმ მიმართვის ტექსტი წაიკითხეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის სახელზეა შედგენილი.

presage.tv ამ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი დაიკავეს, აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯერ კიდევ შეუთანხმებელ მონაკვეთზე ახალი პოზიციები დააფიქსირეს და მონასტერში მომლოცველთა და ტურისტთა შეშვება აკრძალეს. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას და რელიგიურ სიწმინდეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ქართველი ერი არასდროს შეეგუება დავით გარეჯის ხელყოფას.

აზერბაიჯანელი მესაზღრეების ქმედებამ ქართული საზოგადოების სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოს სააგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრის ყოვლად უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციურმა განაცხადებებმა, თითქოს, უდაბნოს მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანის საკუთრებაა.

მტკიცედ გვწამს, რომ ქართულმა სახელმწიფომ არასოდეს უნდა ცნოს დავით გარეჯის კომპლექსის რომელიმე მონაკვეთი აზერბაიჯანის ტერიტორიად. აქედან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ მოვითხოვთ:

1. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ზემოხსენებულმა მოქმედმა ჩინოვნიკებმა ქართული საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები;

2. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმინდა დავით გარეჯის ხსენების დღე) საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამები და ოქმები. ასევე, საკითხთან დაკავშირებული ყველა ხელმოწერილი შეთანხმება, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე გახდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი;

3. საქართველოს ხელისუფლებამ არ გააფორმოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც დავით გარეჯის კომპლექსის რომელიმე მონაკვეთს აზერბაიჯანის სახელმწიფოს საკუთრებად აღიარებს (მსგავსი დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში არსებობს რეალური სფართხე იმისა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სადაო მონაკვეთები მოგვიანებით გამოცხადდეს ალბანური კულტურის ძეგლად და ამ მონაკვეთზე დაიკარგოს საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქცია).

ამას გარდა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა შექმნან ერთობლივი საგანგებო მთავრობათშორისი კომისია, რომელიც უშუალოდ დავით გარეჯის კომპლექსის საკითხის გადაწყვეტაზე იმუშავებს. აღნიშნული კომისიის მუშაობის მასალები მისაწვდომი უნდა გახდეს ფართო საზოგადოებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის დროულად მისაღებად. კარგი იქნება, თუ აღნიშნული კომისიის მუშაობაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და სასულიერო ლიდერები“.

presage.tv

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს.

რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა.

მოტოციკლი, რომლითაც თავდამსხმელი გაიქცა, ერთ-ერთ ეზოში მიტოვებული იპოვეს, თუმცა მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელსაც ამ დროისთვის სამართალდამცავები კითხავენ.
რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა, რის შემდეგაც მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

| IPN |

„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან
16:33 20.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის ოფისიდან შინ საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა. მისი განცხადებით, თავდამსხმელები მას სარკინიგზო გადასასვლელთან ჩაუსაფრდნენ. შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეღწევა მოახერხა და ქარდავას დახრჩობა სცადა. მან კი გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა.

დაზიანებული ავტომანქანიდან ქარდავა სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოაგდო და რკინის ხელკეტით სცემა, შემდეგ კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვა და ხობის მიმართულებით „აუდის“ მარკის ავტომანქანით გაუჩინარდა. ნახევარი საათის შემდეგ მამუკა ქარდავამ ადგომა და საკუთარ მანქანასთან მისვლა მოახერხა, თუმცა პირადი ნივთები გატაცებული დახვდა. თავდამსხმელებს შემთხვევით მხოლოდ მობილური ტელეფონი გადაურჩა. სატელეფონო ზარებით მან მეგობრებისგან დახმარება ითხოვა.

შემთხვევის ადგილზე მალევე გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ხობისა და სენაკის ორგანიზაციების, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები. ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ ნოჯიხევთან ხობის პოლიციის უფროსი, ლექსო რაფავა, მისი მოადგილეები, დათა ახალაია და ირაკლი ჯობავაც გამოცხადდნენ.

ახალაია presage.tv-სთან გაკეთებულ კომენტარში ირწმუნებოდა, რომ მომხდარზე გამოძიება სსს-კოდექსის 276-ე მუხლით, ავტოავარიის ფაქტზე აღიძრა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს არაფერი უთქვამთ თავდასხმის მიზეზებზე, თავდამსხმელების ვინაობასა და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თავისა და სხეულის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით მამუკა ქარდავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მამუკა ქარდავა მიმდინარე წლის 10 მარტს ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც იხსენებს და ამბობს, რომ შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებულს მომხდარი მაშინ შემთხვევითობად მიაჩნდა. დღეს კი მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ავტოავარია მის მიმართ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო.

კოალიციის ხობელი ლიდერი presage.tv-სთან მისი და შტაბის სხვა წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნის, შანტაჟისა და ძალადობის მრავალ ფაქტს იხსენებს. ქარდავას განცხადებით, ერთ-ერთი უკანასკნელი ინციდენტი 18 მაისს, ირაკლი ალასანიას მიერ ჭალადიდში გამართულ შეხვედრაზე მოხდა, როცა ხობის გამგეობის თანამშრომლებმა და ხელისუფლების ე.წ. ზონდერ ჯგუფებმა ალასანიასთან დაპირისპირება და მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად საზოგადოებასა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია. იგი „ქართულ ოცნებას“ საკუთარი მხარდამჭერების დასაცავად უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს.

მამუკა ქარდავამ ხობის სამედიცინო ცენტრი დილის 6 საათზე დატოვა. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის კურსს იგი ბინაზე გაივლის. ქარდავას მოსანახულებლად დღეს ხობში ირაკლი ალასანია ჩადის.

ნოჯიხევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა: „ხობში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური კლანის რეალური სახე. მათ ისღა შეუძლიათ, რომ ბნელ ღამეში ქურდულად მიეპარონ ოთხნი და ხელკეტებით სცემონ ერთ ადამიანს. ასეთი ქმედებით მათი არსებობის დასასრული კიდევ უფრო სწრაფად ახლოვდება. ღამ-ღამობით თარეშსაც მალე მოეღება ბოლო და ყველა დამნაშავე – ბრძანების გამცემიც და აღმსრულებელიც კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. „ქართული ოცნება” ოქტომბერში გაიმარჯვებს და სამართლიანობას დაუყოვნებლივ აღადგენს, მაგრამ დღეს მოქმედ ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, გონს მოეგოს და აღასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. მივმართავთ ორი დღის უკან შექმნილ უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ დანაშაულზე და მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ ყველა საჭირო ქმედება დამნაშავეების გამოსავლენად“, -ნათქვამია განცხადებაში.

presage.tv

53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012
გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში, ბავშვების მიერ თამამად გაგზავნილი მნიშვნელოვანი მესიჯია.

ვიდეოში 53-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლე მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ტარას შავშიშვილს იმისთვის, რომ ის ყველაფერს აკეთებს მათი სკოლის „საკეთილდღეოდ“, იმისათვის, რომ მათ სკოლაში „არ“ იზღუდება სიტყვის თავისუფლება, რომ დირექციასა და მანდატურებს შორის „ახლო და მეგობრული“ ურთიერთობაა, რომ განსაკუთრებულად „დაცულად“ გრძნობენ თავს.

როგორც მოსწავლეები ვიდეოში ამბობენ, ისინი ძალიან „ბედნიერები“ არიან ამ ყოველივეთი და ყველას უსურვებენ, რომ ისეთი „კარგი“ დირექტორი ჰყავდეთ, როგორც ტარას შავშიშვილია.

ვიდეორგოლის პირველ კადრებში მოსწავლეები ახლო ხედით არიან გადაღებული, ბოლო მოსწავლის სიტყვის დასრულების შემდეგ ხედი ფართოვდება და კადრში, მუხლებზე დაჩოქილი ბავშვები ჩნდებიან. რამდენიმე წამში კადრში უცხო ადამიანი შემოდის, რომელიც რწმუნდება თუ არა, იმაში რომ ყველაფერი დავალებისამებრაა გადაღებული, „ვითომ“ ნიღბიან და იარაღიან პირებს, მათ გათრევას სთხოვს. „შემდეგი!“ – ისმის ხმა ვიდეორგოლის დასასრულს.

ვიდეორგოლი დაახლოებით, 2000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა,- საზოგადოების დიდ ნაწილს ბავშების ეს ნაბიჯი იმედს უბრუნებს, იმისა, რომ ეს თაობა არსებული ვითარებისადმი გულგრილი არ არის და სკოლებში გამეფებულ უსამართლობას ყველაზე კარგი ხერხებით ებრძვის.

„2 წუთში მოახერხეს ამ ბავშვებმა შაშკინის დამპალი რეფორმის ნამდვილი სახის ჩვენება!“, „აი ასეთი აზროვნების თაობის უნდა ეშინოდეს სოციალისტური აღმზრდელობის მატარებელ უფროსებს!“, „ეს არის სამოქალაქო აქტივობისა და სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითი, მე ვამაყობ მომავალი თაობით.“, „ყოჩაღ ახალგაზრდებო! თქვენ საქართველოს მომავალი და იმედი ხართ!“, „კარგები ხართ ბავშვებო, მისაბაძები სხვა სკოლის მოსწავლეებისათვის“… ვკითხულობთ სოციალურ ქსელ facebook-ზე აღნიშნული ვიდეოს კომენტარებში.

| From.ge |

ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012
“ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში – ან “დიარონში” ან “მენძელში” ან “დარიალში”, თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან, რომელიც რაღაც-რაღაცებს ითხოვს და უკვე ისეა საქმე, რომ მთვრალ ბაჩოს ახალაიას თავისი დაცვის წევრები ემსახურებიან მაგიდასთან, რომლებიც რესტორნის მომსახურე პერსონალს ემუდარებიან – თქვენი ჭირიმე, მთვრალია და ნუ მიეკარებით, რამე უბედურება არ მოახდინოსო”, – აცხადებს “დაიცავი საქართველოსა” და “ამომრჩეველთა ლიგის” ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “19 მაისს სენაკში, რესტორან “ვერსალში” ბაჩო ახალაია საშინლად დათვრა, დამლაგებლით დაწყებული ყველას სულ დედა აგინა და ისე ცუდად გახდა, ძლივს მოაბრუნეს”.

“ზუგდიდში, ყოფილ მახარაძის ქუჩაზე, დღეს უკვე თავისუფლების ქუჩა ჰქვია, მთვრალი ბაჩო ახალაია პირადად მიადგა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს – ლექსო თოდუას, რომელაც ახალი სახლი ააშენა და უბრძანა – რამდენი დაგიჯდა ეს სახლი, მითხარი და ფულს ახლავე გაძლევ, ეს სახლი ჩემი უნდა იყოსო. იქ არის ხუთი-ექვსი სახლი, ძველი ჩაის ფაბრიკა და მთელი ეს ტერიტორია მოიცავს 20-25 ჰექტარს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყიდულობს მთლიანად ამ ტერიტორიას, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რისთვის სჭირდება ამოდენა ფართობი ზუგდიდში – ლექსო თოდუას სახლი 150 000 დოლარი მაინც ეღირება და ბაჩო ახალია იმ ხუთი-ექვსი სახლის ყიდვასაც გეგმავს, სწორედ იმ მეზობლებისგან მაქვს ეს ინფორმაცია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია და შეკითხვას – “კი მაგრამ, სად იშოვა ამდენი ფული ამ “კორუფციადამარცხებული” ხელისუფლების მინისტრმა?” – პასუხობს:

“კარგი რა, თუ ღმერთი გწამს, ესენი მილიონს უკვე დიდი ხანია ფულს აღარ ეძახიან! უფრო მეტს გეტყვი, 14 აპრილს ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად ჩამოვიდა ანაკლიაში, მთვრალმა ითამაშა ფეხბურთი, მას ჩამოყვანილი ჰყავდა ქალები და მთვრალი გაჰყვიროდა – “ბათუმისა და ბათუმელების დედაც… ჩვენი ქალაქი არის ლაზიკა, ლაზიკა უნდა გახდეს საქართველოს მთავარი ქალაქიო” და ა.შ. მთელი ანაკლიაა ამის მომსწრე და საერთოდ მთელმა ზუგდიდმა იცის, რომ ბაჩო ახალაია გარყვნილ ცხოვრებას ეწევა და მის აღვირახსნილობას არავითარი საზღვარი არ აქვს! შაბათს 19 მაისს, სენაკში, რესტორან “ვერსალში” ბაჩო ახალაია საშინლად დათვრა, დამლაგებლებით დაწყებული ყველას სულ დედა აგინა და ბოლოს ისე ცუდად გახდა, რომ ძლივს მოაბრუნეს. ამ ინციდენტს ესწრებოდნენ: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი და სენაკის პოლიციის უფროსი ჯგერენაია. თავიდან ახალაია სააქაოსკენ რომ ვერ მოუბრუნებიათ, მისაბიშვილს ისე შეშინებია, რომ იქიდან გაქცეულა…რა იცოდა მაგან ღვინის სმა, ეგენი ყველანი მიშამ გაალოთა, მიშამ!”

“რაც შეეხება “ქართული ოცნების” ხობის ორგანიზაციის ლიდერის, მამუკა ქარდავას ცემას, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ შსს-ს გავრცელებული ინფორმაცია, ქარდავა არავის უცემია და ავარიაში მოყვაო – არის სიცრუე და მერაბიშვილი არის მატყუარა! ჟურნალისტ ნანა ფაჟავასთან ერთად შემთხვევის ადგილზე ვინახულე მამუკა ქარდავა. ეს იყო 20 მაისის ღამის 2 საათი. აი, მამუკა ქარდავას ფოტოები და ვეკითხები ვანო მერაბიშვილს, რომელიც ასე უსინდისოდ იტყუება – ეს ნაავარიები კაცის სხეულია თუ ნაცემის, ვის აბრმავებენ ესენი? კაცმა გასაგებად გვითხრა, რომ ეს სცემეს კუდ-ის თანამშრომლებმა, რომლებიც არ იყვნენ ადგილობრივები – ჩვენი მისვლის შემდეგ იქ მოვიდა პოლიციის უფროსი ლექსო რაფავა და მოადგილეები დათა ახალაია და ირაკლი ჯობავა. საქმე აღიძრა 276-ე მუხლით – ავტოსაგზაო შემთხვევა!!! მერე მოვიდა სასწრაფო და ქარდავა გადაიყვანეს ხობის საავადმყოფოში, ამჟამად მკურნალობს სახლში. ერთი სიტყვით, ოპოზიციის წინააღმდეგ სამეგრელოში ტერორი გრძელდება და ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ თავიანთი წევრები დაიცვან”, – დასძენს კახა მიქაია.

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net
15:20 22.05.2012
მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.

ბესელიამ გადაცემის წამყვანის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოღვაწეობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროცესების დაძვრის საქმეში ჩაჩიბაიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

„როდესაც ზუგდიდში მარტო ან რამდენიმე ადამიანის მხარდაჭერით ბედავდი და ახალაიებისა და მისი მომხრეების უზარმაზარი კლანის წინააღმდეგ იბრძოდი, ამით ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთე – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროცესი დაიძრა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, უშიშარი და სიმართლის დასაცავად თავგანწირულად მებრძოლი ახალგაზრდა ბიჭის მაგალით გადამდები აღმოჩნდა.

„ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ საჭიროა სოლიდარობა. თუ პრობლემის მიმართ საზოგადოება გულგრილია, ხელისუფლება თამამდება და ბოროტდება, ამიტომ როდესაც არსებობს პრობლემა, უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა, გამოვიდეთ გარეთ და ადამიანს ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არის. თუ საზოგადოება აქტიურია, ისეთი მთავრობაც კი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები არაფერს წარმოადგენს, ზედმეტს ვეღარ ბედავს. ეს აკლია ჩვენს საზოგადოებას – საყოველთაო სოლიდარობა“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დედა პარასკევა: მოუფრთხილდნენ ქართველ ერს

,,მთელი მსოფლიოსთვის გადარჩენის დაფარული საიდუმლოება, ღვთისაგან, მამა გაბრიელის მეოხებით, ქართველი ერისგან მოხდება’’, – ამის შესახებ “პრესა.ჯი”-ს დედა პარასკევამ განუცხადა. არქიმანდრიტი ბერის კანდელის ზეთის მადლით, უამრავი ადამიანი დღესაც იკურნება. როდის მოხდება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და ამ პროცესის დროს განიკურნებიან თუ არა ადამიანები? “პრესა.ჯი” დედა პარასკევას ესაუბრა.

გაზიარება
[თეონა მანაგაძე. 21:20 20-01-2011]

რამდენად ხშირია ისევ მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნება?
– ყოველდღე, უამრავი შემთხვევა ფიქსირდება მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნებისა. ბევრს სურვილებიც უსრულდებათ, რომელიც ადამიანს არ შეეძლო შეესრულებინა. მათ ღმერთის მადლით და მამა გაბრიელის მეოხებით უსრულდებათ ეს სურვილები და რწმუნდებიან, რომ ღმერთს ყოველივე შეუძლია.
რაც შეეხება მამა გაბრიელის საფლავის გახსნას, რატომ უნდა გაიხნას და როდის?
– მამა გაბრიელის საფლავის გახსნა ასე უცებ ალბათ არ მოხდება. ზოგჯერ ღმერთი აჩერებს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ მადლს, რათა ადამიანები სარწმუნოებაში, რომ განელდებიან უცბად მოაბრუნოს რწმენისკენ და დაარწმუნოს ღვთის დიდ წყალობაში. მამა გაბრიელის საფლავიც, მაშინ გაიხსნება, როცა ეს ქართველებს დასჭირდებათ. საქართველოს აქვს განსაკუთრებული საღმრთო მადლი. ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. იოანე ზოსიმეს საიდუმლოება მამა გაბრიელის საფლავის გახსნით გამოვლინდება.
ეს დიდი სასწაულმოქმედება იქნება ქართველი ერისათვის. ადამიანები დაინახავენ, რომ გაიხსნება ის საიდუმლოება, რომელიც დაფარული არის ქართველ ერში. არ შეიძლება საქართველოს შევიწროება, ქართველი ერის ასეთი უგულვებელყოფა, რომ აჭირვონ სხვა ქვეყნებმა. საქართველოს უამრავი მაჭირვებელი ჰყავს, მიუხედავად ამისა ქვეყანა ფეხზე დგას. უამრავი ქვეყანა, რომლებიც უფრო დიდნი არიან, ვიდრე საქართველო საშინელი გასაჭირის ქვეშ არიან. ესეთი განსაცდელებისგან კი საქართველოს ღმერთი იფარავს. მოუფრთხილდნენ ქართველ ერს. მთელი მსოფლიო თუ არ მოუფრთხილდა, საქართველოს ფარული საიდუმლოება, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა განეცხადოს, ამ ერით არ მოხდება. ამიტომაც საქართველოს განსაკუთრებული მისია აკისრია მთელი მსოფლიოს გადარჩენისათვის.
ამას მამა გაბრიელი ამბობდა ხოლმე. აი ეს დაფარული მადლი ზუსტად მაშინ განცხადდება, როცა ეს საჭირო იქნება საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ყველა გადარჩეს ვისაც გადარჩენა უნდა. განსაკუთრებული საიდუმლოება გითხარი. ისეთი, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა გააცნო. გავხსენი იოანე ზოსიმეს საიდუმლოება, არავითარი წელი, ძალიან მალე განცხადდება საიდუმლოება.
ამბობენ, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა რომ მოხდება მონასტერის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ყოველგვარი ავადმყოფობისგან განიკურნებიან…
– არა მარტო მონასტრის გარშემომყოფნი, არამედ საფლავის გახსნის დროს უამრავი კილომეტრების მანძილზე უამრავი სასწაული მოხდება. ასე ხდება წმინდა მამების საფლავების გახსნის დროს. შეიძლება უნდოდეს ადამიანს აქ მოსვლა, თუმცა ვერ მოვიდეს, მაგრამ რწმენით იქაც კი განიკურნება, სადაც იქნება. კიდევ ვიმეორებ, მამა გაბრიელს არ დაუბარებია როდის გაიხსნებოდა საფლავი, მან თქვა, რომ გაიხსნება მისი საფლავი. ეს მოხდება მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად აუცილებელი იქნება. ღვთის განგებულების ქვეშ არის ეს.
მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც წყალდიდობებისა და მიწისძვრების შედეგად ადამიანები იღუპებიან. საქართველოში ბევრი გაჭირვების მიუხედავად იმ ფონზე სიმშვიდეა…
– საქართველოსთვის მამა გაბრიელს ვევედრებით, მამა გაბრიელი კი ევედრება უფალს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა სადიდებლად ღვთისა. მთელმა მსოფლიომ დაინახოს განსაკუთრებული მადლი აქვს საქართველოს, აქედან გამომდინარე მსოფლიოში რაც არ უნდა მიწისძვრები, კატაკლიზმები მოხდეს, აქ არაფერი მოხდება. საქართველო მართლაც ღვთის წილხვედრია. „ვეფხვისტყაოსანში“ წერია „საქართველო არის ვით მარგალიტი ობოლი ხელი ხელს საგოგმანები“. საქართველოს მიერ უნდა განცხადდეს გადარჩენის საიდუმლოება, დაწერია დღემდე მეორედ მოსვლისა და ეს საიდუმლოება, სადაც არის გაიხსნება. ეს არის იოანე ზოსიმეს დაწერილი, რომ ამათი ენითა იდიდოს ღმერთი, ზუსტად ეს არის საიდუმლოება, რომელიც განცხადდება. ეს მგონი ძალიან მალე მოხდება, მაგრამ საჭიროა ქართველი ერი იყოს რწმენაში.
რაც შეეხება მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვას . . .
– პროცესი სჭირდება ამას, რომ მართმადიდებელი ქართველი ერი სარწმუნოებაში იყოს და მთელმა მსოფლიომ შეიცნოს რა შეუძლია ღმერთს ადამიანების მეოხებით. მამა გაბრიელის მეოხებით, გადარჩეს ყველა ვისაც გადარჩენა სურს. ყველაფერი მოგვარდება და დალაგდება. დამიჯერეთ ეს ძალიან მალე მოხდება.
საქართველოში ადამიანები ძალიან გამტკიცებულები არიან რწმენაში, თუმცა მეტ რწმენას მოითხოვს ღმერთი, რადგან რწმენის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება. მრევლი გამრავლდა, თუმცა მეტი რწმენა სჭირდება.

presa.ge

ჩვენი დროის ყვარყვარე თუთაბერი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიობთა დასს და რეჟისორ სოსო ნემსაძეს, რომელიც კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორია, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ სცენაზე გადმოსატანად 2 კვირა დასჭირდა. როგორც ნემსაძემ აღნიშნა, რეპეტიციები საგრძნობლად დააჩქარა ზუგდიდელი მსახიობების პროფესიონალიზმმა.

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 23:53 23-12-2010]

წარმოდგენას, რაიონის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მაყურებელთა უმეტესმა ნაწილმა „ღია ბოქლომს“ უთხრა, რომ სპექტაკლი ერთ–ერთი საუკეთესო იყო, რომელიც თეატრში ახალი მმართველის მაია კალანდიას მოსვლის შემდეგ დაიდგა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ კი გაგვიმხილა, რომ კულტურულ დაწესებულებას მალე მთავარი პრობლემა მოეხსნება და საუკუნე–ნახევრის თეატრს საკუთარი რეჟისორი ეყოლება.
ვისაც „ყვარყვარე თუთაბერი“ წაუკითხავს ახსოვს, რომ პიესის დასაწყისში ყვარყვარე ერთი უწყინარი მეოცნებეა, იგი ცეცხლის პირასაა მიმჯდარი და ნაცარში მომავლის გეგმებს “ქარგავს”, ხან მთაში გვირაბი გაჰყავს, ხან საცოლისათვის სასახლეებს, ბაღებსა და მარმარილოს კიბეებს აშენებს. მაგრამ თანდათან ვხვდებით, რომ მისი ზნეობა მისსავე ბედისწერადაა გადაქცეული. ბავშვობიდანვე მატყუარასა და უქნარას ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. მოგვიანებით მამამისმა წყვიწყვიმ მუქთახორა შვილს ცოლი არ მოაყვანინა და კეტით გააგდო საშოვარზე. ყვარყვარემ ერთხელ იჯარით ხიდის აშენებაც სცადა, მაგრამ უნებისყოფობისა და უცოდინარობის გამო საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მას შემდეგ უსაქმურად დაეხეტებოდა დაბა-სოფლებში, სანამ ერთი მეწისქვილე სამადლოდ შეიფარებდა და ლუკმას გაუყოფდა, მაგრამ ნაცარქექიამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, ვერც ტყუილის თქმას გადაეჩვია და ვერც სიზარმაცე დათრგუნა, ზის ბუხრის პირას და კლდეში გვირაბის გაყვანაზე ოცნებობს, თუმცა პატარა ხიდის გაკეთება ჭირივით ეზარება. მინავლულ ცეცხლთან ჯირკი ვერ მიუგორებია და წისქვილის დანგრევით იმუქრება. ერთთავად ხალხისათვის თავდადებას იქადნის, მასსავით გუდამშიერ თანასოფლელებს, კაკუტასა და ქუჩარას კი უკანასკნელ ნაქურდალს ართმევს, ანუ, როგორც გოეთეს მეფისტოფელი იტყოდა, “სიკეთე სურს და ბოროტება გამოსდის”; ეს კიდევ რაა, უსახლკარო და უპოვარი დაუპატიჟებელი სტუმარი მასპინძლის კარში გაგდებას ლამობს. უნდა ითქვას, რომ ყვარყვარე არც ღონითა და სიმამაცით გამოირჩევა, ეს იმ სცენიდან ჩანს, სადაც ბოლშევიკ სევასტის მოკვლით ემუქრება, მაგრამ როგორც კი მისგან წინააღმდეგობას შეხვდება, შეშინებული ფქვილიანი ტომრების უკან დაიმალება.
საინტერესო ისაა, რომ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი ადამიანისაგან კომპენსაციის მიზნით, რომელიმე ერთი თვისების განსაკუთრებულ განვითარებასა და გააქტიურებას მოითხოვს, ამიტომ ყვარყვარეს თავის გატანის ერთადერთ და უძლეველ საშუალებად ენაჭრელობა და ტყუილის თქმა ამოურჩევია. ცრუპენტელობა ის ნიჭია, რომლითაც იგი სხვებს აღემატება და რომელსაც საგანძურივით უყურებს: “მე ყვარყვარე თუთაბერს ენით შენ შემომიარ?”. მისთვის ენა საკმარისი დასაყრდენია, რომ ყოველი საქმე ეშმაკურად მოაგვაროს, ბრიყვს თვალები აუხვიოს, სუსტი დააშინოს, ძლიერთან კი თავი მოისაწყლოს.
ნაცარქექიას ორპირობასა და ფარისევლობას განსაკუთრებით ის ფაქტი უადვილებს, რომ ზნეობა მისთვის ზედმეტი ტვირთია. საერთოდ, ასეთი ადამიანების გამარჯვებისა და წარმატების ნამდვილი საიდუმლო უპრინციპობასა და უზნეობაშია, ამიტომ ცხოვრებისეული ფილოსოფიაც შესაბამისი აქვთ:
“ეს ვერ გამიგია ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ სჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო”.
და კიდევ ერთი ციტატა:
“კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე; თუ მაგრადაა, გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს”.
ამგვარი ეპიზოდებიდან თანდათან იკვეთება ყვარყვარეს სულიერი სიღარიბის პორტრეტი და მისი ხასიათის ძირითადი თვისებები; იგი უნიადაგო მეოცნებეობის, სიზარმაცის, ბაქიაობის, უმადურობის, ლაჩრობისა და გაიძვერობის განსახიერებაა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ისტორიაში დგება დრო, როდესაც ასეთი „გმირები“ მხსნელისა და წინამძღოლის მანტიებს ირგებენ.
ჟურნალ „ღია ბოქლომის“ მიერ დასმულ შეკითხვას, ასახავს თუ არა პიესის შინაარსი თანამედროვე საქართველოს დღევანდელობას, სპექტაკლის რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მრავალმნიშვნელოვნად გვიპასუხა და თქვა რომ „ყვარყვარე თუთაბერის“ არსი ყველა დროის საზოგადოებაში აქტუალურად დარჩება.
ყვარყვარე საბოლოოდ ერთი გაუბედურებული დედაკაცის მსხვერპლი ხდება, რომელსაც ახალი გუბერნატორის რეჟიმმა ქმარი დაუტუსაღა.

ქალის როლის შესანიშნავად შესრულებისთვის მაყურებლისგან ოვაცია დაიმსახურა ახალგაზრდა მსახიობმა ზალინა გერგაულოვამ. სწორედ ამ როლს, 24 დეკემბერს იგივე წარმოდგენაზე, აგრეთვე ახალგაზრდა მსახიობი თიკო შელეგია შეასრულებს…
ზუგდიდის თატრი კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება. 27 დეკემბერს, მსახიობები, მაყურებელს საახალწო ჩვენებაზე იწვევენ. მიუზიკლში „ქართველი წითელქუდა ამერიკაში“ ახალი სახეები მაყურებლის გულის მოგებას შეეცდებიან. წარმოდგენას დამწყები რეჟისორი გიორგი ფოჩხუა დგამს. მონაწილეობენ: ანანო სურმავა, თიკო შელეგია, ლანა ფიფია, ზალინა გერგაულოვა, მარინა დარასელია, ნანა ბუკია, გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, ზური ლაშხია, მერაბ კაკალია და ლაშა ხიზანიშვილი.

ვის ლიკვიდაციას გეგმავენ ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი?!

რამოდენიმე დღის წინ ჩვენ რედაქციას მეგრული, სვანური და ლაზური ენების აღიარებისთვის აქტიურად მებრძოლი იურა ღვინჯილია ესტუმრა. რედაქცია, ამ პიროვნების არანორმალურ მოთხოვნებზე, მაგალითად როგორიცაა საქართველოს სკოლებში სწავლების მეგრულ ენაზე დაწყება და ცენტრალური ტელევიზიების მაუწყებლობის ენის მეგრულით შეცვლა, ყურადღებას შეგნებულად არ ამახვილებდა. მას შემდეგ რაც ღვინჯილიამ გვითხრა, რომ, სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლება მის ლიკვიდაციას გეგმავს გადავწყვიტეთ შველის სათხოვნად მოსული ქართველი არ გაგვეწბილებინა. ღვინჯილიამ აგვიხნა, რომ სახლში კონტრდაზვერვის თანამშრომლები მიუვარდნენ და დაემუქრნენ: თუ მეგრული ენის პოპულარიზაცია განვითარებისთვის მუშაობას არ შეწყვეტ მოგკლავთ ან უკეთეს შემთხვევაში დაგატუსაღებთო–ო. განათლების ცენტრ „კოლხიდას“ ხელმძღვანელი, მასზე თავდასხმის მცდელობაში გუბერნატორ ზაზა გოროზიას ადმინისტრაციასაც ადანაშაულებს.

გაზიარება
[16:26 12-01-2011]

აქვე, ჟურნალ „ღია ბოქლომის“ სახელით აღვნიშნავ, რომ მეგრული ენის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ სეპარატისტულ აზრებსა და აზროვნებას მხარს არასოდეს დავუჭერთ. მეგრული არის ერთ–ერთი უძველესი ქართველური ენა, რომელიც დიდი ყურადღების ღირსია, ხოლო საკითხის მიმართ ღვინჯილიასეული მიდგომა არასწორად მიგვაჩნია.
სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ გავეცნოთ ნაწყვეტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს 2010 წლის საშობაო ეპისტოლედან:
“როგორც ცნობილია, XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა “მეცნიერული” კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ.

ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება”.
იურა ღვინჯილია: – ჩემს მიმართ აგორდა ორგანიზებული, საინფორმაციო ტერორი პრესაში. მაგალითად ინტერნეტში. ჩემ დისკრედიტაციაში მონაწილეობას იღებდნენ: სამეგრელოს გუბერნატორის ზაზა გოროზას ადმინისტრაციის თანამშრომლები; ზუგდიდის თეატრის მმართველი მაია კალანდია; საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი გივი ახალაია და სხვა ანტიმეგრული კომპანიის „აკტივისტები”. იყო შეურაწყოფა და მუქარა, რომ მომკლავდნენ. კეთდებოდა რასისტური შინაარსის განცხადებები. ბრალს მდებდნენ რუსეთის აგენტობაში. ახლახანს, სახლში მომივარდნენ სამეგრელოს კონტრდაზვერვის რეგიონალური სამმართველოს თანამშომლები და გამაფრთხილეს თუ არ გაჩერდები ნარკოტიკებს ან იაღაღს დაგიდებთ სახლში ან საერთოთ გაგაქრობთო.
რას ითხოვთ? ნუთუ ასეთ საფრთხეს წარმოადგენთ ხელისუფლებისთვის?
–საქართველოში ანტიმეგრული იდეოლოგია სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანული და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ სპეცსამსახურები გეგმავენ ჩემ ლიკვიდაციას. თუ რამე დამემართა სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სააკაშვილი–მერაბიშვილის ხელისუფლებას.
მე მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესი მამოძრავებს და ვიბრძვი უძველესი ქართველური ენების მეგრულის, სვანურის და ლაზურის შენარჩუნება განვითარებისთვის.
არამარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც გაემიჯნა მეგრულ ენას, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მეგრული და სვანური ენებისთვის შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, ანუ ენებს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი და მასზე გავრცელდეს ევროპის ქარტიით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად, როგორიცაა ტელე-რადიომაუწყებლობის არსებობა მეგრულ ენაზე. ამ ეტაპზე ენის შენარჩუნება გადარჩენისთვის ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი გზა.
გაერო-ს დასკვნების მიხედვით არამარტო მეგრული, არამედ ქართული ერიც არის შეტანილი გადაშენების პირას მდგარ ერებს შორის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ გადავრჩეთ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხის წინ წამოწევა გამოიწვევს იმ სცენარის განვითარებას, რაც აფხაზეთში მოხდა. აფხაზებმაც ხომ ასე დაიწყეს ბრძოლა ენის აღიარებისთვის და შემდეგ, დამოუკიდებლად არსებობის სურვილიც გაუჩნდათ?
-ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც არსებობს პრობლემა და მას ყურადღებას არავინ აქცევს, მაშინ შესაძლოა, პრობლემა უმართავი გახდეს, ამიტომ საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა.
რატომ გგონიათ რომ ხალხი მხარს დაგიჭერთ?
–ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიისათვის და მოეხდინა მისი რატიფიცირება. თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგაც, ქარტია არ არის რატიფიცირებული და ეს საკითხი საზოგადოებაში არც განხილულა.
პოლიტიკური ვალდებულებების დარღვევა ისევე მიუღებელია, როგორც საერთაშორისო კანონის ნებისმიერი დარღვევა.
ქარტიის მიზანია ენის შენარჩუნება-განვითარება და არა ამ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების დაცვა.
როგორც ლინგვისტები ვარაუდობენ საუკუნის ბოლომდე მსოფლიო ენათა ნახევარი გაქრება.
ენები უფრო სწრაფად კვდებიან ვიდრე მცენარეები და ცხოველები. წითელ წიგნში შეიძლება შევიტანოთ 40%-ზე მეტი მსოფლიო ენა, რომელთა გაქრობა გარდაუვალია ეს მაშინ, როდესაც მცენარეთა 8%-ს და ცხოველთა 18%-ს ემუქრება გაქრობის საფრთხე. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველთვე დაახლოებით ორი ენა კვდება. ენებთან ერთად კვდება განუმეურებელი კულტურა, წყდება სულიერი კავშირი წარსულთან. ენებთან ერთად კვდება ხალხი. დათვლილია, რომ ბოლო 500 წლის განმავლობაში დაკარგულია დაახლოებით ნახევარი ენები, რომელთაც ფლობდა კაცობრიობა და დარჩენილი 6000 ენიდან ნახევარსაც დაკარგავს რამოდენიმე ათწლეულში. მათ შორის იქნებიან სვანური, ლაზურ-მეგრული ენები.
ხალხი მეხსიერების, ენის დაკარგვით კარგავს ეროვნულ იდენტობას სახელმწიფო კი ტერიტორიებს.
რა კეთდება საქართველოში სვანურ ლაზურ-მეგრული ენის გადასარჩენად?!– არაფერი! დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში მეგრული ენისათვის სტატუსის მინიჭება იქნებოდა კარგი მაგალითი აფხაზებისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოში შესაძლებელია თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარება. თუმცა ამ ენებისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის მაგალითზე მათვის გასაგები ხდება რომ მათ ენას როგორც მეგრულს საქართველოში სრული განადგურება ელოდება. ამით რუსებმა ქართველების ხელით შესძლეს ანტიქართული განწყობის დამკვიდრება. რუსებმა იგივე განწყობა დაამკვიდრეს სამეგრელოში და თავიანთი აგენტურული ქსელის მეშვეობით ცდილობენ საქართველოში საზოგადოებას თავს მოახვიონ იდეოლოგია თითქოსდა მეგრული არის დიალექტი და არა ენა. გარკვეული ჯგუფები გმობენ ბიბლიის თარგმას მეგრულ ენაზე, მეგრული ენისათვის სტატუსის მინიჭებას, ევროპული ქარტიის რეგიონალური ენების შესახებ რატიფიცირებას, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და ა.შ.
შექმნილია ახალი მეგრულ-ქართული ეთნოკონფლიკტის წინაპირობა, როდესაც არსებობენ „მჩაგვრელი“ ქართველები, რომლებიც არ აძლევენ „დაჩაგრულ“ მეგრელებს თავიანთი ენის შენარჩუნება-განვითარების შესაძლებობას.
მსოფლიოში ეთნოკონფლიქტების გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ხალხის ლინგვისტური უფლებების, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შეურაწყოფა.
ჩვენ გამოვეცით მეგრულ ენოვანი გაზეთი „შურობუმუ“ (სამშობლო) გაზეთის პირველი ნომერი ძირითადად დაეთმო მოხსენებას განათლების ცენტრ “კოლხიდა”-ს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვწერდით, რამდენად გათვალისწინებულია სამეგრელოს რეგიონში, მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები. გასაოცარი ის აღმოჩნდა, რომ სამეგრელოში მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარება სრულიად იგნორირებულია სახელმწიფოს მხრიდან.
მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ჩვენი მიმართვები პასუხგაუცემელი დარჩა.
მეგრეელი ხალხის კიდევ ერთ შეურაცყოფათ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზუგდიდს ჩამოერთვა ქალაქის სტატუსი…

ამხანაგმა გოგონებმა მეთერთმეტე კლასელი თეონა შეყვარებულის გამო სასიკვდილოდ სცემეს

რადგანაც ფაქტი სასკოლო არდადეგების პერიოდში მოხდა, აღნიშნულ სკოლებში ამ თემასთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მომხდარს არცერთი სკოლის დირექტორი არ უარყოფს.

გაზიარება
[20:25 17-01-2011]

ოზურგეთის #3 საჯარო სკოლის დირექტორის ნანა გაგუას თქმით, დაზარალებული მათი სკოლის მეთორმეტე კლასელი თეონა მ. . . – ია, რომელთან დაკავშირებაც სკოლის ხელმძღვანელობამ ამ დრომდე ვერ შეძლო. მან არც ამ გაუგებრობის მიზეზი იცის და არც ის, თუ სად მოხდა კონკრეტულად ჩხუბი.
ნანა გაგუა: ,,ჭორის დონეზე ვიცით ყველაფერი, ვერ ვხვდები, რა უნდა ყოფილიყო ჩხუბის მიზეზი. არც ის ვიცი, ტერიტორიულად სად მოხდა ეს ფაქტი. როგორც ამბობენ, დაზარალებული ჩვენი სკოლის მოსწავლე, მეთორმეტე კლასელი თეონა მ. . . –ია, რომელიც სოფელ …… ცხოვრობს. რადგანაც ახლა სკოლებში არდადეგებია, ჩვენ მასთან დაკონტაქტება, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით.”
ოდნავ განსხვავებულად განმარტავს მომხდარს #2 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ინარიძე. მისი თქმით, უმნიშვნელო შელაპარაკება მოსწავლეებს შორის მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
,, არა მგონია ეს ფაქტი ასე მნიშვნელოვანი იყოს. ახალი წლის მომდევნო დღეებში, როგორც ვიცი,სკოლის წინ მოხდა ჩხუბი. იყო უმნიშვნელო ფიზიკური დაპირისპირება. სხვა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ.”
ყველაზე ინფორმირებული მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით #1 საჯარო სკოლის დირექტორი – მაია თავართქილაძე აღმოჩნდა.
მაია თავართქილაძე: ,, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩხუბი თეატრის მახლობლად მდებარე პარკში 5 იანვარს მოხდა. მიზეზს ვერ გეტყვით ნამდვილად. რადგანაც სასკოლო არდადეგებია, ბევრი რამ ვერც ჩვენ გავიგეთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეათე კლასელი დებია.” მისივე თქმით, დაპირისპირებული მხარეები უკვე შერიგდნენ, მოსწავლეები პოლიციაშიც იყვნენ დაკითხვაზე, მაგრამ საქმე ძიებაში აღარ არის. მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს.
“გურიის მოამბე”