ახალი ამბები

შეწყალების კომისიამ 321 მსჯავრდებულის საქმე განიხილა

მსჯავრდებულთა მორიგი შეწყალებისთვის მზადება დაწყებულია. შეწყალების კომისიის სხდომაზე წარდგენილი 500 განაცხადიდან კომისიამ  312-ზე იმსჯელა, თუმცა რამდენ მათგანს გაუწევს რეკომენდაციას კომისია პრეზიდენტთან, ჯერჯერობით უცნობია.

შეწყალებას ითხოვენ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებიც. ამ შემთხვევაშიც პატიმრების ნაწილს სრული შეწყალება შეეხება, ნაწილს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდება.

ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს

თბილისში, ვაზისუბნის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია. პოლიციამ ცხელ კვალზე 1991 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავა. შემთხვევა დილით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი გაძარცვა. მძღოლის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ცივი იარაღის გამოყენებით მას 15 ლარამდე თანხა წაართვა. საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.

პრემიერი სტიქიის ზონაში ჩავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სტიქიის ზონაში ჩავა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს.

`ჩემი დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ყველა სამინისტროს თანამშრომლები, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად ადგილზე მობილიზებულია 774 ერთეული მძიმე ტექნიკა, 22 ერთეული წყლის საქაჩი ტუმბო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების 94 ეკიპაჟი, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება,`- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება

პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ექსპერტიზა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო დონის ექსპერტებთან და ტარდება ექსპერტიზები და ექსჰუმაციის შესახებ გადაწყვეტილებაც ამ ექსპერტიზების პასუხზე იქნება დამოკიდებული.

პროკურატურის წარმომადგენლების თქმით, ზურაბ ჟვანიას ოჯახი ინტენსიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და თუ ამის აუცილებლობა დადგება, ისინი ექსჰუმაციას დაეთანხმებიან. ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ მათ მუდმივი კავშირი აქვთ გამოძიებასთან და მათთვის პროცესის ყველა დეტალი ცნობილია.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის სასამართლო პროცესი განახლდა.

ვინ წავა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე?!

რატომ გამოწვია გიორგი მარგველაშვილის დავოსში მიწვევამ აჟიოტაჟი, პრეზიდენტის მრჩევლისთვის გაუგებარია. საქართველოს პრეზიდენტმა დავოსის ფორუმის პრეზიდენტისგან ოფიციალური მიპატიჟება პირადად მიიღო.

განცხადება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმთან დაკავშირებით დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. ქვეყნის მთავარი დიპლომატის ინფორმაციით, საგარეო უწყება დავოსში პრემიერის ვიზიტს ამზადებს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ფორუმზე ჯერ კიდევ მაისში მიიწვიეს.

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თურქეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას გრაფიკის განხილვის შემდეგ მიიღებს.

საქსტატისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის შეჯამება

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტის მესამე წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის ფარგლებში გასული წლის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა ილაპარაკა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მზადებისა და მიმდინარეობის პროცესის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის სამწლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida )მიერ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია თბილისში

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა მეოთხე კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორი რეგიონული განვითარების სამინისტრო და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაა. ეს მეოთხე ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში` იმართება.

საერთაშორისო კონფერენცია 36 ქვეყნის წარმატებულ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს აერთიანებს, როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

მეოთხე ყოველწლიურ შეხვედრაზე კონფერენციის მონაწილეები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულების გზებს განიხილავენ.

საქართველოში ტემპერატურა კიდევ დაეცემა

საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. სინოპტიკოსთა ცნობით, წვიმა გაძლიერდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც. ტემპერატურა კი მთელ რეგიონში 5 გრადუსით დაიკლებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტიქიასთან საბრძოლველად ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია საგანგებო შტაბები.

პრეზიდენტი ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნით ნაწილს დაესწრო. ფორუმის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მონაწილეობისთვის და სახელმწიფოთა მეთაურების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან რეგიონული თანაშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელა და ყურადღება გაამახვილა ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე.

მან განსაკუთრებით გამოყო ის პროექტები, რომლებსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად წარმატებით ახორციელებენ. თურქეთის პრეზიდენტმა გლობალური უსაფრთხოებაზე, რეფორმებსა და სხვა ეკონომიკურ საკითხებზეც ილაპარაკა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრო.

პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. გიორგი მარგველაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის პრეზიდენტსაც შეხვდება.

ისინი საქართველო-ყირგიზეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ. ქვეყნის პირველი პირი მიმართვაში საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ილაპარაკებს. სესიას დაესწრება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტიც.

საქართველოს პრეზიდენტი უკვე ესაუბრა თურქ კოლეგას რეჯეფ ტაიპ ერდოღანს. ორი ქვეყნის ლიდერებმა საქართველო-თურქეთის, როგორც საიმედო და სტრატეგიული პარტნიორების ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ასპექტები გაიხილეს.